თბილისში, ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრში, მსოფლიო ჩემპიონის, მიხეილ სარალიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის. ტურნირში 300-მდე სპორტსმენი იყო ჩართული სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და საქართველოდან.
საერთო ჯამში, ქართველებმა ამ ტურნირზე ხუთი ოქრო, რვა ვერცხლი და ცხრა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. სომხეთის ნაკრებმა _ ოთხი ოქრო და ერთი ბრინჯაო, რუსეთმა _ ერთი ოქრო, ხოლო აზერბაიჯანის ნაკრებმა ორი ვერცხლის მედალი აიღო.
ამ საერთაშორისო ტურნირზე ლანჩხუთის სპორტული ცენტრის ოთხი აღზრდილიც ასპარეზობდა: დემეტრე ძაძამია, ლუკა ჭყონია, ლუკა ლიპარტელიანი და გიორგი ზოიძე. მათგან საქართველოს ნაკრების ჩემპიონობაში მნიშვნელოვანი წვლილი გიორგი ზოიძემ შეიტანა, რომელმაც 110 კგ. წონით კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.
სამომავლოდ, ლანჩხუთელი მოჭიდავე საქართველოს ნაკრებთან ერთად რამდენიმეკვირიან შეკრებას გაივლის. მას წინ მარტში გასამართი საქართველოს ოფიციალური ჩემპიონატი ელის ჭაბუკებს შორის, რომლის გამარჯვებულიც მსოფლიოსა და ევროპის პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას.