“გურია ნიუსის” მიერ გაშუქებული, ოზურგეთი-ბათუმის ცენტრალური გზის სავალალო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, მალევე მოყვა შპს “გზამშენი-18”-ის ხელმძღვანელის თემურ ჯახვას მიერ ჩვენთან დათქმული დაპირების შესრულება, რომ მეორე დღესვე დაიწყებდნენ გზის მოხრეშვას.
მართალია, ამჯერად ოპერატიულად დაიწყო გზის შეკეთების სამუშაოები, მაგრამ, ძირითადად, დიდი ორმოებია ამოვსებული. უამრავი პატარა ორმოები კი ისევ ადრინდელ მდგომარეობაშია.
_ ხრეშიც ენანებათ? გამოვიარე და “ლაფათქით” ისე ყრიდნენ, გეგონება, წონიდნენ. ვიცი, რომ სქელი ფენა არ უნდა დაიყაროს, მაგრამ ნახევარი ისევ ისეა დატოვებული, პატარა ორმოებს ხომ ვერ დათვლი, _ გვეუბნება ქაქუთის მკვიდრი ბესიკ ზოიძე.
“გურია ნიუსი” კვლავ დაუკავშირდა “გზამშენი-18”-ის უფროსს თემურ ჯახვას:
_ პატარა ორმოები იმიტომ არის დატოვებული, რომ იქ ხრეშს არ ვყრით _ ამოვჭრით და შევასრულებთ ასფალტის “დაკერებით” სამუშაოს. ისე კი, გზის პროექტზე ხელი მოწერილია და რომ არ ვარგა და დაზიანებულია, იმიტომ დაიწყება ახლის გაკეთება, _ გვითხრა მან.