“ქართული ოცნების” ოზურგეთის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ “ოპოზიციის კანდიდატი ადგილობრივ არჩევნებში კონსტანტინე შარაშენიძე” ცდილობს, დღეს დაგეგმილ საარჩევნო შეხვედრას ხელი შეუშალოს:
“ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ოპოზიციის კანდიდატი ადგილობრივ არჩევნებში კონსტანტინე შარაშენიძე გეგმავს დღეს ჩვენს მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებს ხელი შეუშალოს. მოგეხსენებათ, საქართველოს კანონმდებლობით აღნიშნული ქმედება აკრძალულია და სამართალდარღვევას წარმოადგენს.
მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები და უზრუნველყონ ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის განხორციელება ხელშეშლის გარეშე”, _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შტაბი ავრცელებს, თუმცა, ჩვენთან საუბრისას არ აკონკრეტებენ რას გულისხმობენ ხელის შეშლაში.
მმართველი პარტიის ოზურგეთის საარჩევნო შტაბში დეტალებზე საუბარი არ სურთ და მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ სათქმელი განცხადებით თქვეს.
შარაშენიძის პრესსამსახური კი ამბობს, რომ მათ “ამ ეტაპზე მსგავსი ქმედების არც დრო და არც სურვილი აქვთ”:
“გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა. მიკვირს, საიდან მოაქვთ ეს ფაქტები? ჩვენ, ამ ეტაპზე, არც დრო და არც სურვილი გვაქვს მსგავსი ქმედების. საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა და ალბათ, ამ ფაქტით ცდილობენ დღევანდელი ინციდენტის გადაფარვას”, _ გვითხრა შარაშენიძის პრესსამსახურის უფროსმა თამთა ჩხაიძემ.