ჩიკაგოს მახლობლად მდებარე პარკში ორნითოლოგი რიკ რემინგტონი უჩვეულო სანახაობას შეესწრო: თეთრი ბუ, რომელსაც ბუდე ერთ-ერთ ქანდაკებაზე ჰქონდა მოწყობილი, დილით დაბლა დაეშვა და რამდენიმე მეტისმეტად ცნობისმოყვარე ყვავი დაიფრინა.
უეცრად ბუს თვალები აუელვარდა და საომრად გაემზადა – მისკენ შევარდენი მიქროდა. ბუ ელვისებურად გაეკრა მიწას, სალტო გააკეთა და მეტოქეს მოზრდილი ჭანგები დაახვედრა.
შევარდენმა უშიშრად შეუტია, ბრძოლა 5 წუთს გაგრძელდა. თეთრი ბუ შევარდენზე ბევრად დიდი კია, მაგრამ, რიკის აზრით, გადარჩენის შანსი თითქმის არ ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, მაინც გაიმარჯვა – მძლავრი ფრთებისა და დიდი ჭანგების წყალობით
აიძულა თავდამსხმელი, ბრძოლის ველს გასცლოდა. რიკის თქმით, ბუ საბოლოოდ იმან გადაარჩინა, რომ მიწაზე იყო და შევარდენს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სულიერია – 300 კმ/სთ სიჩქარით პიკირებს და ჭანგის დარტყმისას მსხვერპლს ჰაერში \ხშირად ნაწილებად ფლეთს, – სხვა გზა არ ჰქონდა და მკვეთრად შეამცირა შეტევის სისწრაფე.