ტრიუმფალური კარიერის მანძილზე ლეგენდარულ ტენორს ენრიკო კარუზოს მხოლოდ ერთხელ დაუსტვინეს და ეს მის მშობლიურ ნეაპოლში მოხდა.
კარუზოს ნეაპოლის “სან კარლოს” სცენაზე სთხოვეს ორი წარმოდგენის გამართვა. მომღერალი დიდ ჰონორარებს იღებდა, ნეაპოლში სიმღერას კი უფასოდ დათანხმდა.
გაიხსნა ფარდა, პირველი ბგერები გაისმა და დაუსტვინეს კიდეც. არია მაინც დაამთავრა, კულისებში გასულს კი აუხსნეს, რომ სტვენა ნეაპოლელ ბობოლათა შეკვეთილი იყო, რომელთაც წარმოდგენის დაწყებამდე მომღერალი განსაკუთრებულად არ მიესალმა.
კარუზომ სიმღერა განაგრძო. მისმა მაგიურმა ხმამ ყველა მოაჯადოვა და სტვენით დაწყებული სპექტაკლი ოვაციებით დასრულდა. ფეხზე იდგა და “ბრავოს” გაიძახოდა ყველა – სტვენის შემკვეთიც და შემსრულებელიც.
იგივე განმეორდა მეორე დღესაც, თუმცა, მომღერალს წყენა მაინც დარჩა. ქალაქიდან გამგზავრებამდე მან ნეაპოლის მფარველი წმინდა ჯენაროს ხატის წინაშე დაიფიცა, რომ მშობლიური ქალაქის სცენაზე აღარ იმღერებდა.
ამის შემდეგ კარუზო კიდევ ორი ათეული წელი იდგა სცენაზე, მაგრამ უამრავი თხოვნისა და მობოდიშების მიუხედავად, ნეაპოლში აღარ უმღერია, იქ მხოლოდ მოხუცი დედის მოსანახულებლად ჩადიოდა.