დღეს, ქაშვეთში, გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვის დაწყებამდე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პატრიარქის მოსაყდრედ ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დაასახელა.
“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე”, – ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დებულებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ 1995 წელს მიიღო.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე უფლებამოსილია, მოიწვიოს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა. მოსაყდრე, ასევე, საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ იწვევს წმინდა სინოდის სხდომას, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად.