6 დეკემბერს, მალთაყვის ტყეში ქართველი მსაჯი ილია ტუღუშის გარდაცვლილი იპოვეს. ტუღუშის ოჯახის წევრები გარდაცვალების საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.
ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლის დაიწყო.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ:
“მოგეხსენებათ, 6 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია ქართველი მსაჯის, ილია ტუღუშის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ილია ტუღუში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსაჯობდა საქართველოს ჩემპიონატის ასაკობრივ პირველობებსა და სხვადასხვა ლიგებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულის გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს.
გვსურს, მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ფაქტზე ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებებთან და ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ ეს შემთხვევა უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული.”