“მჭიდრო კავშირი დამყარდება მანდატურებსა და საპატრულო პოლიციას შორის”, _ აღნიშნული განცხადება განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დღეს ჯურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ჩხენკელის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სკოლასთან, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მეთვალყურეობას გააძლიერებენ. მინისტრის თქმით, ასევე, გადაიხედება მანდატურის სამსახურის ფუნქციები.
„უახლოეს მომავალში დავიწყებთ მანდატურის სამსახურის ფუნდამენტურ შესწავლას. მჭიდრო კავშირი დამყარდება მანდატურებსა და საპატრულო პოლიციას შორის. რაც შეეხება საპატრულო პოლიციას, მისი დანიშნულება იქნება სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება. ყველა სკოლა უნდა იყოს უსაფრთხო“, _ განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა.
1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, 2 დეკემბერს კი მეორე მოზარდიც დაიღუპა.