ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ პენსია იმაზე მაღალი უნდა იყოს, ვიდრე დღეს არის.
როგორც ზოიძე ამბობს, 10 წლის განმავლობაში, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პენსიის ზრდა იქნება:
“ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში პენსია 80%-ით გაიზარდა, მაღალმთიან რეგიონებში 2017 წლიდან კიდევ უფრო მეტით, მაგრამ არის ეს საკმარისი? რა თქმა უნდა, არა. დღეს პენსია უნდა იყოს, ალბათ, 500-600 ლარი, ანუ საშუალო ხელფასის 50-60%, იმისთვის, რომ მან შეასრულოს დანიშნულება _ ეს არის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა, მაგრამ სამწუხაროდ, ამას სჭირდება დაახლოებით 5 მილიარდი ლარი, ანუ დღევანდელი ბიუჯეტის ნახევარი.
ჩვენ, უახლოესი 10 წლის განმავლობაში უნდა შევძლოთ, რეალურ სიდიდეს მიაღწიოს პენსიამ, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, თითოეულ პენსიონერს უნდა ჰქონდეს, ამისათვის არის სწორედ მოწოდებული ის დაგროვებითი პენსიის რეფორმა, რომელიც ერთადერთი გზაა, რომლითაც ჩვენ მივაღწევთ ჩვენი პენსიონერებისთვის ღირსეულ პენსიას”, _ განაცხადა აკაკი ზოიძემ.