სურდო ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მას ახასიათებს გაწითლებული და გასივებული ცხვირი, ცრემლდენა, განუწყვეტლივ ცემინება. სურდოზე თითქოსდა ყველაფერი ვიცით, მაგრამ მის შესახებ ბევრი მითი დაუსაბუთებელიცაა.
რინიტი ერთი კვირის შემდეგ თავისთავად გაივლის, ამიტომ მკურნალობა საჭირო არ არის.
მართალი არ არის. მკურნალობის გარეშე სურდომ შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, მათ შორის: სინუსიტი, ოტიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ბრონქიტი, პნევმონია და სხვ. თუ 2 კვირის მკურნალობის შემდეგ, ისევ ჭირს სუნთქვა, გრძელდება თავის ტკივილი და ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენი, ე.ი. ცხვირში ინფექცია განვითარდა. აუცილებლად მიმართეთ ოტოლარინგოლოგს!
სისხლძარღვების შემავიწროებელი წვეთები იწვევს მიჩვევას.
მართალია! ეს წვეთები აადვილებენ ცხვირიდან სუნთქვას, თუმცა მისი გამოყენება დიდხანს არ შეიძლება, რადგან აშრობს ცხვირის ლორწოვან გარსს, ეს კი იწვევს ქრონიკულ ატროფირებულ რინიტსა და მიჩვევას. ამიტომ გირჩევთ, წვეთები ჩაიწვეთოთ არა უმეტეს 5-7 დღე.
სურდო არ არის გადამდები.
თუ სურდოს მიზეზია რინოვირუსული ინფექცია, შეიძლება გადაგვედოს. დასნებოვნება ხდება ჰაერწვეთოვანი გზით, ინფექციის წყაროს კი ავადმყოფი ან ამ ვირუსის მატარებელი ადამიანი წარმოადგენს.
დაიხსომეთ, არ შეიძლება სურდოთი დაავადებულის ნივთების გამოყენება.
რინიტის დროს ცხვირსახოცის ხმარება მავნებელია.
მართალია! სურდოთი დაავადებული ბევრი ავადმყოფი ერთსა და იმავე ცხვირსახოცს ხმარობს – რაც მავნებელია, რადგან მასზე რჩება ძალიან ბევრი ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობი. სურდოს დროს უნდა გამოიყენოთ ერთჯერადი ქაღალდის ცხვირსახოცები.
თუ ვერ სუნთქავთ და ცხვირი გაჭედილია, ჩაიწვეთეთ ნივრის წვენი.
არ შეიძლება! რადგან ნივრის წვენმა შეიძლება დაწვას ცხვირის ლორწოვანი გარსი. მართალია, ნივრის ფიტონციდები კლავს ვირუსს, ამიტომ დაამატეთ საჭმელს, ან ისუნთქეთ.
საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა ცხვირის მარილხსნარით გამორეცხვა.
ეს მართალია. ცხვირ-ხახის მეშვეობით ორგანიზმში ხვდება ვირუსები და ბაქტერიები. ეს რომ არ მოხდეს, გირჩევთ, გამოირეცხოთ ცხვირი, რის წყალობითაც ტენიანდება ლორწოვანა და ცხვირიდან გამოიყოფა მიკრობები. ამისთვის შეიძლება გამოიყენოთ ზღვის მარილის ხსნარი (იყიდება აფთიაქებში).
შეიძლება მწოლიარემ ჩაიწვეთოს სურდოს საწინააღმდეგო წვეთები.
ეს ასე არ არის. წამალი რომ მოხვდეს ცხვირში და იქ დარჩეს, საჭიროა თავი ოდნავ გადასწიოთ უკან და გადახაროთ იმ მხარეს, რომელ ნესტოშიც უნდა ჩაიწვეთოთ. არ შეიძლება დაწვეთ ან თავი ძალიან უკან გადასწიოთ. ამ დროს წამალი სწრაფად გაივლის ცხვირის ღრუსა და გადადის ყელში. ეს იწვევს ყელის გამოშრობას და უფრო მეტ ტკივილს, ხოლო ცხვირით სუნთქვა არ აღდგება.