ამ წუთებში ანაკლიაში საფუძველი ჩაეყარა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, აღნიშნული პროექტი საქართველოსთვის დიდი გზის დასაწყისია და აბრეშუმის რუკაზე განამტკიცებს საქართველოს პოზიციას.
“დღეს დიდი დღესასწაულია ჩვენი ქვეყნისთვის და არამარტო ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს საფუძველი ჩაეყარა 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ პროექტს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. ეს არ არის მხოლოდ პორტი, ეს არის დასაწყისი ქვეყნისთვის სატრანზიტო ქვეყნიდან წარმოების ლოჯისტიკის და ინდუსტრიის განვითარების ქვეყნამდე. ეს არის ძალიან დიდი ტრანსფორმაცია და ძალინ დიდი ინდუსტრიის დასაწყისი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდება. უპირველეს ყოვლისა თვითონ პორტი გახლავთ უნიკალური პროექტი გამომდინარე იქიდან, რომ ეს პორტი აბრეშუმის რუკაზე განამტკიცებს საქართველოს პოზიციას. ეს პორტი მისცემს ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას მიიღოს ყველაზე დიდი გემები და აუწყოს ფეხი იმ მზარდ დინამიკას საკონტეინერო გადაზიდვებით და სხვა გადაზიდვებით, რომელსაც აქვს რეგიონში ადგილი.
მან ასევე აღნიშნა, რომ პორტის მშენებლობა საქართველოს მოქალაქეეებს საკუთარი ბიზნესის დაწყების საშუალებას მისცემს.
“ეს პორტი რა თქმა უნდა საშუალებას მისცემს ამ რეგიონის მაცხოვრებელებს და არა მარტო ამ რეგიონის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას საკუთარი ბიზნესის დაწყების შესაძებლობას მისცემს.. უპირველეს ყოვლისა ამ მშენებლობაზე რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება, ხოლო შემდეგ შეგვიძლია გამოვთვალოთ ის ეფექტი ჩვენს ეკონომიკაზე, რომლესაც ეს პორტი მოიტანს. ეს არის რელობა და არანაირი გადაჭარბებული ნათქვამი”,_განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ანაკლიის პორტი ნავსადგურის გარდა საცხოვრებელი ზონის მშენებლობასაც ითვალისწინებს.
“ამ პორტის გარშემო რამდენიმე ათასი ჰექტარი განვითარდება: საწარმოო, სასაწყობო საწარმოო ლოჯისტიკური და საცხოვრებელი ახალი ზონა. ეს იქნება სრულიად ახალი შესაძლებლობები ინოვაციური, ინდუსტრიული ახალი საქართველოსთვის”,_ განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც ცნობილია, პორტი 9 ფაზად აშენდება და პირველი ფაზის მშენებლობა 2021 წლისთვის დასრულდება. მშენებლობა დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარი ჯდება და 340 ჰექტარს მოიცავს.