ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში, შესაძლოა, წინასაახალწლოდ საჯარო მოხეელეებზე ხელფასის ტოლი პრემია-დანამატები გაიცეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ თუ ადამიანები მუშაობენ, რატომაც არ უნდა აიღონ დანამატები. “გურია ნიუსთან“ დარჩია იმაასაც ადასტურებს, რომ ის დანამატების გაცემის ინიციატორია.
“გურია ნიუსი“ დავით დარჩიას მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის გია მამაკაიშვილის სამუშაო ოთახში შეხვდა.
„როცა აიღებენ, გამოითხოვეთ ინფორმაცია და ნახავთ, ვის _ რამდენი, ჯერ არაფერი არაა, _ მე რას ვითხოვ, რაა, არაფერს არ ვითხოვ მე, რაფერც ერგებათ და წესი და კანონია, ისე მიიღებენ. ახალი წელია და საახალწლოდ შეიძლება გაიცეს, რა მოხდა მერე?
_ რა დამსახურებისთვის, ბატონო დავით, ბრძანებაში რა ჩაიწერება?
_ დამსახურება რა არის? თუ მუშაობენ ეკუთვნით.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გია მამაკაიშვილის თქმით, ჯერ ოფიციალურად გადაწყვეტილი არაფერია. თუმცა, საუბარი ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
_ ბატონო დავით, ოზურგეთის მოსახლეობას ძალიან უჭირს ეკონომიკურად, არიან ოჯახები, რომლებიც, შესაძლოა ახალ წელს ღია ცისქვეშ დარჩეს, ბევრს ლუკმაპურიც ენატრება, ეს უხერხულობას არ გიქმნით?
_ ეს არის პოპულიზმი და დაანებეთ თავი ამ პოპულიზმს, თუ მუშაობს ადამიანი და საქმეს აკეთებს, რატომ არ უნდა აიღოს?! თქვენ რა გინდათ, ყველა ქუჩაში იყოს? ეს ჩვენი გულისტკივილია, გინდათ, ხომ ბევრს შიოდეს? _ შენ თუ გგონია ვინმე ოქროს მედლებს ჩამოგკიდებს იმაში, რასაც აკეთებ, ძალიან ცდები! რა ჩამიწერე ახლა და რატომ გვიღებ, _ გვითხრა დარჩიამ.
ფრაქცია“ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გელა აროშიძე ამბობს, რომ დღეს გამართულ ფრაქციის სხდომაზე აღნიშნული საკითხი არ განხლულა.