ქრისტეშობის დღესასწაულზე ოზურგეთში ტრადიციული საშობაო მსვლელობა – ალილო გაიმართა.
მსვლელობა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მლოცველებმა ალილოს სიმღერით ქალაქის ქუჩები შემოიარეს და შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად შემოწირულობები შეაგროვეს. მსვლელობას წინ სასულიერო პირები მიუძღვოდნენ.
ალილოს მონაწილეებს, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა. მათ მონაწილეებს საახალწლო ნობათი, ტკბილეული და საჩუქრები გადასცეს.
გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე – „შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით კი ჩვენს რეგიონს. ეს დღე უდიდესი დღესასწაულია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, მაცხოვრის შობა ახლის დაბადების და განახლების სიმბოლოა. გილოცავთ, გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას და თქვენი ოჯახების კეთილდღეობას.“
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია – “გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს არის უდიდესი სიხარულის, სიყვარულის, სიკეთის დღესასწაული. მეალილოები, მახარობლები ტრადიციული მსვლელობით მთელ ერს ამცნობენ და ულოცავენ ქრისტეს შობას. ვუერთდები ამ ლამაზ ტრადიციას და აქედან სრულიად საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას.“
საშობაოდ მიღებული საჩუქრები ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებში გადანაწილდება. ყოველი წლის 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე ალილოს მსვლელობაში ათასობით მართლმადიდებელი მონაწილეობს. მივიწყებული ალილოს ტრადიცია საქართველოში რამდენიმე წელია რაც აღდგა და საყოველთაო დღესასწაულის სახე მიიღო. (R)