ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში მთლიანად დაზიანებული ცენტრალური გზის შესახებ, ბოლო რამდენიმე წელია, არაერთხელ ითქვა და დაიწერა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, დიდი ხანია, საქმის კურსშია და შეპირება გზის გაკეთების შესახებ, ყოველთვის იყო, თუმცა, დაპირების იქეთ საქმე არ წასულა. გასული წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას, გაითვალისწინეს თანხა სოფლის გზის დახვნა-გაფხვიერების და შემდეგ დატკეპნვისთვის, თუმცა, ესეც დაპირებად დარჩა და თანხების უკმარისობის გამო, დროებითი პროექტიც არ გახორციელდა.
აღსანიშნავია და უდიდესი საქმეც ის, რომ სოფელ ჭანიეთში, წინა საარჩევნო პერიოდში, ახალი საბავშვო ბაღი და სკოლა აშენდა. ძირითადად, გზის კაპიტალურად შეკეთების დაგვიანებად ეს სახელდებოდა, რადგან ერთბაშად ერთ სოფელში შეუძლებელი იყო ყველაფრის გაკეთება.
ამასობაში კი, სოფელ ჭანიეთის გზის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ, ავტომანქანები, გავლას ძლივს ახერხებენ.
მაია გაჩეჩილაძე, ჭანიეთის თემის სოფელ ქაქუთის მცხოვრები:
_ ამ დანგრეულ გზაზე, რა დროც სოფლის ავტობუსს სჭირდება ოზურგეთში ჩასვლისთვის, ნორმალურ ტრასაზე ბათუმამდე ჩასვლას მოახერხებს ადამიანი. კარგია, რომ ჭანიეთში აიგო თანამედროვე სტანდარტების მქონე ახალი საბავშვო ბაღი და სკოლა, მაგრამ სულ ამას ხომ არ ვიძახებთ?! კარგია, რომ გაკეთდა, მაგრამ გზაც აუცილებელია და უნდა გაკეთდეს. არ შეიძლება ამ საქმის გადადება.
რამაზ კორტავა, სოფელ ქაქუთის მცხოვრები:
_ ახლახან გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჭანიეთში გზა გაკეთდება მხოლოდ სანახევროდ და ქაქუთის მიმართულებით მხოლოდ მომდევნო წლებში დააგებენ, ჩვენთვის მიუღებელია. მიიტანეთ ხელისუფლებამდე ეს ამბავი _ ქაქუთის ზედა წერტილიდან დაიწყონ გაკეთება, იქ სადაც გზა მთავრდება და წამოვიდნენ თავქვე, ცენტრისკენ. სადამდეც გაკეთდება, იქ გაჩერდნენ და მერე გააგრძელონ. გაზიფიკაცია რომ დაიწყეს, ძლივს ამოვიდნენ ზევით, ახლა გზაც სოფლის შემოსასვლელში უნდა გაკეთდეს და მეორე ნახევარი ანუ ჭანიეთის თემის სოფელი ქაქუთი კვლავ მოლოდინის რეჟიმში უნდა დარჩეს?
ნანი დიასამიძე, სოფელ ქაქუთის მცხოვრები:
_ სანამ უნდა ვიყოთ დაპირების უიმედო მოლოდინით?! რამდენი წელია, აკეთებენ და ვეღარ გააკეთეს! რა უსაშველო გახდა ამ კილომეტრნახევრიანი გზის გაკეთება?!
სერგო ბოიაჯანი, ქაქუთის მცხოვრები:
_ არ მგონია, შეუძლებელი იყოს ამ გზის გაკეთება. ყველა სოფელში არის კარგი გზა. რამდენჯერ უნდა მოგვატყუონ?!
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას გაირკვა, სოფელ ჭანიეთში გზის რეაბილიტაცია მხოლოდ სანახევროდ მოხდება და ერთ კილომეტრამდე მონაკვეთი გაკეთდება, ხოლო მეორე ნახევარი გარდამავალი პერიოდის პროექტს დაექვემდებარება.
ჭანიეთის თემის მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, საკმაო ნაწილს კი გზის სანახევროდ გაკეთებისაც არ სჯერა. სოფლის მცხოვრებთა რამდენიმე წარმომადგენელი დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, გზის სანახევროდ გაკეთების შესახებ. ისინი ამბობენ, რომ სოფელ ჭანიეთში ბოლო სამ წელიწადში უდიდესი საქმე გაკეთდა ახალი საბავშვო ბაღისა და სკოლის მშენებლობით და როგორმე გზის პრობლემაც მოგვარდებაო.
რაც შეეხება ჭანიეთის თემის მცხოვრებთა საკარმიდამო ნაკვეთებში მეწყერული ზონების წარმოშობას, ახლახან ვწერდით თინა ლომჯარიას ეზოში, ციტრუსოვანთა პლანტაციაში წარმოქმნილი მეწყერული ნაქცევის შესახებ, რომელმაც საოჯახო ბაღის ნახევარი შეიწირა.
ჭანიეთის თემის სოფელ ქაქუთში მეწყრის შედეგად განადგურდა ბადრი ხავთასის საკარმიდამო ნაკვეთის დიდი ნაწილი. აღნიშნულ მონაკვეთზე, რომელიც სოფლის ცენტრალური გზის გასწვრივ მდებარეობს, მეწყერული ზოლი თანდათან მატულობს. ამ საკარმიდამო ნაკვეთზე ძირითადად ტყიანი მასივის ზოლი იყო, რომელიც გრძივ სერს იცავდა სწორედ ჩამოქცევისგან, თუმცა, მეწყერული ზოლი მაინც გაჩნდა.
ოჯახის დიასახლისი ნაირა ხავთასი “გურია ნიუსთან” საკუთარ გასაჭირზე საუბრობს:
_ ჩვენი სახლი, როგორც ხედავთ, მაღალ სერზე დგას. აქ საშიშროება მუდამ არსებობდა, რომ ნაქცევი არ გაჩენილიყო. ამიტომ, ეზოს ეს ტყიანი ნაწილი სულ დაცული გვქონდა და აქ ხეებს არც ვჭრიდით, თუმცა, მეწყერი მაინც ჩამოწვა და როგორც ხედავთ, ჩამოქცევის საშიშროება კიდევ არსებობს. ეზოს დამრეცი ნაწილი, უკვე მერამდენედ ჩამოიქცა _ ტყიან-მიწიან-ტალახიანი მასა ჩამოწვა სოფლის ცენტრალურ გზაზე, რომელიც ჩვენი ეზოს გასწვრივ მდებარეობს.
არ ვიცით, რა გვეშველება. სახლამდე ძალზე პატარა მანძილია დარჩენილი და შეშინებული ვართ, რომ სახლი თავზე არ დაგვენგრეს და მეწყერმა ჩვენი სახლიანად უფსკრულში არ ჩაგვიტანოს. სოფლის გამგებელს როგორ მივმართოთ _ როგორც ვიცით, ჯერ დანიშნული არავინაა. გამგებლის თანაშემწე საქმის კურსშია და ველოდები რეაგირებას. თუ რაღაც კუთხით არ დაგვეხმარნენ, სავალალო შედეგამდე მივალთ, _ ამბობს ქალბატონი ნაირა და საგანგებოდ აღნიშნავს, რომ მათ ეზოს სოფლის ცენტრალური გზა გასდევს და თუ ხავთასების ოჯახს არ დაეხმარებიან, ამ გზის გამო მაინც უნდა გააკეთონ დამცავი ჯებირი.
“გურია ნიუსი” ესაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებს, სადაც გვითხრეს, რომ ამ სამსახურში ჯერ უფროსი არ არის დანიშნული, თუმცა, თავდაპირველად სოფლის გამგებელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფოტოები და წერილობითი განცხადება, შემდეგ კი მოხდება ადგილზე მისვლა, შესწავლა და თუ საჭირო გახდება, გეოლოგების გამოძახება.
სოფელ ჭანიეთში მერის წარმომადგენლის თანაშემწე ირაკლი რამიშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ, ინფორმირებულია. თუმცა, ჯერჯერობით მუნიციპალიტეტის მერიას საკადრო საკითხი აქვს გადასაწყვეტი და როგორც კი დაინიშნება წარმომადგენელი სოფელში, ხავთასების საკარმიდამო ნაკვეთში მოხდება მეწყრით მიყენებული ზარალის და ზოგადად, მდგომარეობის შესწავლა, ეზოს დასურათება, მდგომარეობის შესწავლა. შემდეგ კი დაუყოვნებლივ მიმართავენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას.
როგორც ირკვევა, ახლა ჭანიეთში არსებული მეწყერული საკარმიდამო ეზოების შესწავლას და სათანადო განცხადების გაკეთებას ხელს უშლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის გაჭიანურებული საკადრო პოლიტიკა, რომელიც ამ ვითარებაში გამგებლის წარმომადგენლის დანიშვნაში გამოიხატება.