მოსამართლე, რომელმაც მძიმე დანაშულში, სამი პირის დაჭრაში ბრალდებული პირი პატიმრობიდან გაათავისუფლა, ბადრი შონიაა. ამის შესახებ ინფორმაცია „კურიერს“ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.
მისი გადაწყვეტილებით დიდუბის პოლიციის სამმართველოს უფროსი მოადგილის, კლუბ „ბასიანის“ დაცვის სამსახურის უფროსის და დაცვის თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული პირი 30 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა პროკურატურამ. სააპელაციო სასამართლოში პროცესი ხვალ არის ჩანიშნული.
შონია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლედ 2011 წლიდან არის გამწესებული. მანამდე ის ზუგდიდის რაიონული პროკურორი იყო. 2007-2009 წლებში კი, სენაკის პროკურატურაში მუშაობდა.