„გურია ნიუსისთვის“ ექსკლუზიურად ხდება ცნობილი იმ ა(ა)იპ-ების ჩამონათვალი, რომელსაც ჩოხატაურის მერიაში რეორგანიზაცია შეეხებათ.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სამუსიკო სკოლა, სამხატვრო სკოლა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი ერთ სტრუქტურაში მოექცევა და ახალ ა(ა)იპ-ს სახელოვნებო სკოლების გაერთიანება ერქმევა.
კიდევ ერთი ახალი ა(ა)იპი სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრი იქნება, რომელშიც სპორტის განვითარების ცენტრი და სასპორტო სკოლა ერთიანდება.
ერთ სივრცეში მოექცევა საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებები და თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა _ მას არაფორმალური განათლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი ერქმევა.
როგორც გავარკვიეთ ცვლილება არ ეხება და, შესაბამისად, უცვლელად იფუნქციონირებს კულტურის ცენტრი, ბაღების გაერთიანება „მომავალი“, კომუნალური სამსახური „სხივი“, საფეხბურთო კლუბი „ბახმარო“, კურორტი „ბახმარო“ და „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“.
ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული რეორგანიზაციის შეთანხმების დოკუმენტი საკრებულოში ამ კვირაში შევა და განხილვების შემდეგ, თვის ბოლოს, საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდება.
რაც შეეხება გაერთიანებული ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელების ვინაობას, ამაზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
მერიაში არ გამორიცხავენ, რომ ხელმძღვანელის თანამდებობა ჯერ კიდევ მოქმედი ა(ა)იპ-ის რომელიმე ხელმძღვანელმა დაიკავოს. თუმცა, აღმასრულებელ ორგანოში არც იმას უარყოფენ, რომ რომელიმე ახალი ორგანიზაციის ხელმძღვანელად ახალი კადრი შეირჩეს.
ამ ეტაპზე უცნობია ისიც, რომელი ა(ა)იპ-ის ადმინისტრაციას მოუწევს სამსახურის დატოვება, რასაც რეორგანიზაცია ითვალისწინებს.
მერიაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ კადრები პროფესიონალიზმის მიხედვით შეირჩევა.