საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე Human rights watch -ის ანგარიშის შედეგებს გამოეხმაურა, როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი თავმჯდომარე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, პარლამენტში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს. მისი თქმით, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა დადებითი იქნება თუ უარყოფითი მნიშვნელოვანია.
,,პარლამენტში დამოუკიდბელი საგამოძიებო მექანიზმი ამჟამად იქმნება. ვთვლი, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს და ვაცნობიერებთ ამას. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების დამოკიდებულება პრობლემურია სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით, ეს არავისთვის საიდუმლო არ არის და საჭიროებასაც ვერ ვხედავ, რომ კომენტარი გავაკეთო. ჩვენ ყურადღებით ვიხილავთ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას, რაც უნდა დადებითი თუ ნეგატიური შეფასებები იყოს მასში ასახული და როცა ვხედავთ, რომ საკითხთან დაკავშირებით ობიექტური შეფასებაა მოცემული, ვცდილობთ, გავითვალისწინოთ“, _ განაცხადა აკაკი ზოიძემ.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო უფლებადამცავმა ორგანიზაციამ Human rights watch-მა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, 643-გვერდიანი ანგარიში აფასებს გასულ წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ პრაქტიკას 90-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს არ გააჩნია ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად, გარდა ამისა საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შეშფოთებას იწვევს მდგომარეობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, შრომის უფლებების, მედიის თავისუფლებისა და ლგბტ თემის უფლებების დაცვის კუთხით. ამას გარდა, Human rights watch -ის ანგარიშში საუბარია ნარკოპოლიტიკასთან და კონსტიტუციასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე.