ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციის პროცესი დაასრულა. როგორც „გურია ნიუსი“ წერდა მოქმედი 14 ა(ა)იპ-ის ნაცვლად 9 იფუნქციონირებს.
ცვლილების თანახმად გაერთიანდა კომპლექსური სასპორტო სკოლა და სპორტის განვითარების ცენტრი, რომელსაც სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრი დაერქვა.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ამ ცენტრს სასპორტო სკოლის ყოფილი ხელმძღვანელი თამაზ ძნელაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება სპორტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს ზურაბ ჭინჭარაძეს, ჩვენი ინფორმაციით იგი გაერთიანებული ორგანიზაციის ერთ-ერთ განყოფილებას ჩაიბარებს.
რეორგანიზაცია ასევე შეეხო სამუსიკო სკოლა, სამხატვრო სკოლას და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს _ სამივე ა(ა)იპ-ის გაერთიანების შედეგად ა(ა)იპ სახელოვნებო სკოლების გაერთიანება დაფუძნდა, რომელსაც სამუსიკო სკოლის დირექტორი ქეთევან გიორგაძე უხელმძღვანელებს.
საბიბლიოთეკო გაერთიანების, სამუზეუმო გაერთიანების და თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეის გაერთიანების შედეგად შექმნილ ახალ ორგანიზაციას არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი ერქმევა და „გურია ნიუსის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მისი ხელმძღვანელი ახალი სახე _ მარი შოშაშვილი იქნება.
შოშაშვილი ამ დრომდე #1 საჯარო სკოლის მანდატურად მუშაობდა.
ამ თემაზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში კომენტარებს არ აკეთებენ და აღნიშნავენ, რომ რამდენიმე დღეში ახალი ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს ოფიციალურად წარადგენენ.
ვის შეეხო რეორგანიზაცია, რა ბედი ელით ყოფილი ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს _ ამ თემაზე ვრცელ მასალას უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.