გლდანში მდებარე დუნდუების კრივის დარბაზი ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 1-4 თებერვალს საუკეთესო მოკრივეები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. თბილისიდან და რეგიონებიდან შეჯიბრებაში მონაწილეობას 100-მდე სპორტსმენი იღებს.
გახსნის ცერემონიას კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური დაესწრნენ. შალვა გოგოლაძემ ჩემპიონატის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ წლევანდელი წელი ქართული კრივისთვის შარშანდელზე უფრო წარმატებული იქნება. დავით წიკლაურის თქმით, ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგების მიხედვით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დაკომპლექტდება, რომელსაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები ელის.
2018 წელს ახალგაზრდა მოკრივეები მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე ასპარეზობის გარდა, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის იბრძოლებენ, რომელსაც ოქტომბერში ბუენოს-აირესი უმასპინძლებს.