გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღეს 15-20 გრადუსამდე მოიმატებს. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
„ტემპერატურის დათბობას ველოდებოდით, რადგან ცივმა ჰაერის მასებმა უკვე დატოვეს საქართველო. ახლა კი შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან თბილი მასების ინტენსიური გადმოტანა, ძირითადად, დასავლეთ რაიონებში გავრცელდება“, – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ბარში დღეს 10-15 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
დღის ბოლოს ქვეყნის ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია მცირე ნალექი აღინიშნოს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში ტემპერატურა მცირედით დაიკლებს.