,,თუ იქნება საჭიროება, მე ვიყრი კენჭს, თუ არ იქნება და ეს არ არის ქვეყნისთვის სავალდებულო ან აუცილებელი, ამ ძალიან მძიმე სამსახურს, მიუხედავად იმისა რომ პატივია, სხვა უფრო მშვიდ ცხოვრებას ვარჩევდი“- ამის შესახებ დღეს გიორგი მარგველაშვილმა ,,მარნეული TV“-ის ეთერში განაცხადა.
გარდა ამისა, მარგველაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ,,ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯერჯერობით, დასახელებული არ ჰყავს.
,,მმართველი პარტია ვერაფრით ასახელებს კანდიდატს. ქვეყანაში, სადაც მმართველი პარტიაა, რომელსაც პრემიერ-მინისტრისგან დაწყებული რაიონის გამგებლის მესამე მოადგილით დამთავრებული, ყველა თანამდებობა უკავია, ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი რით ვერ დაასახელეს?“ _ განაცხადა პრეზინდენტმა.
აღიქვამს თუ არა საპრეზიდენტო არჩენებში მმართველი გუნდი გიორგი მარგველაშვილს კონკურენტად? _ ამ კითხვით ,,გურია ნიუსმა“ ,,ქართული ოცნების“ წევრს ზაზა პაპუაშვილს მიმართა.
,,საქმე გამოელით და ნერვიულობენ, როდის დასახელდება ,,ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი. ამას ამ ეტაპზე დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მე ამაში ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ. არა მგონია, გიორგი მარგველაშვილმა ,,ქართულ ოცნებას“ კონკურენცია გაუწიოს, თუმცა, თუ მმართველი გუნდი გონებიდან გადავა და ისეთ კანდიდატურას დაასახელებს, რომ შეიძლება მარგველაშვილმა გაუწიოს კონკურენცია, მაშინ კი. მე საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს არ ვაკნინებ, მაგარამ მგონია, რომ მან შანსი გაუშვა ხელიდან, რომ ეს თანამდებობა ქვეყნისთვის და საკუთარი თავისთვის კარგად გამოეყენებინა, რაღაც ახალი ხელწერა შეექმნა და ხელი არ შეეშალა პროცესებისთვის. რაიმე ტრაგიკულზე არ ვსაუბრობ, თუმცა, რადგან ერთ დროს ვგულშემატკივრობდი ადამიანს, მინდოდა, რომ უფრო მეტი კარგი საქმე გაეკეთებინა. ვერ გამოვიდა ამ პრანჭია ფილოსოფიური, სენტენციური აზროვნებიდან და გამოთქმებიდან. თუ ,,ქართული ოცნება“ ,,გამოშტერდება“ და ისეთ კანდიდატს დააყენებს, რომ დაბალი რეიტინგის მქონე იყოს, რომელიც მიუღებელია ხალხისთვის, მაშინ შეიძლება მარგველაშვილმა გაუწიოს კონკურენცია“, _ განაცხადა პაპუაშვილმა.