დღეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბუკისციხის საჯარო სკოლაში ჩოხატაური-ლანჩხუთის დეპუტატი ნინო წილოსანი, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს დირექტორის პირველ მოადგილე გიორგი თინაძე, ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა და რესურსცენტრის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე ბუკისციხის სკოლის მასწავლებლებს, მოსწავლეთა მშობლებს და სოფლის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მიზეზი ის ვნებათაღელვა იყო, რომელიც სოფელში უკვე თვეების განმავლობაშია. კერძოდ, საქმე ეხება ლევან სამხარეულის სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომლის მიხედვით, ბუკისციხის სკოლის შენობა არარენტაბელურია და მასში საგაკვეთილო პროცესის ჩატარება გარკვეული რისკების შემცველია. ბუკისციხელები არსებულ დასკვნას უნდობლობას უცხადებენ.
„მესმის სკოლის ადმინისტრაციის ღელვა, კარგად მესმის იმ ადამიანების, იმ ახალგაზრდების, რომლებმაც ეს სკოლა დაამთავრეს, მაგრამ ამ სკოლაში დღეს სწავლობენ ბავშვები, რომელთა სიცოცხლე, შეიძლება საფრთხის წინაშე დგას“, _ თქვა ნინო წილოსანმა.
მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ დარბაზში მყოფებს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნიდან ის ციტატა წაუკითხა, სადაც გარკვეულ რისკებთან დაკავშირებითაა აღნიშნული.
შეკრებილების მხრიდან პრეტენზიები მოჰყვა გიორგი თინაძის შეფასებას იმის შესახებ, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სკოლის ერთი ნაწილის ქვეშ, 4 მეტრის სიღრმეზე არის წყალი, რაც დამატებითი რისკის შემცველია.
ხანგრძლივი კამათის შემდეგ დარბაზში მყოფები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ის ადამიანები, რომლებიც უნდობლობას უცხადებენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას #500658187, სადაც აღნიშნულია სკოლის შენობის მზიდ ელემენტებში განვითარებულ დაზიანებათა ხარისხის გამო სასწავლო პროცესის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ, უმოკლეს ვადაში შეძლებენ წარმოადგინონ ალტერნატიული აკრედიტებული საინჟინრო ექსპერტის დასკვნა, რომლის საფუძველზე სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო კიდევ ერთხელ განიხილავს შენობის გამაგრებამდე სკოლის შენობაში სასწავლო პროცესის წარმართვის მიზანშეწონილობის საკითხს.