პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომაზე პოლიტიკოსებმა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა კანონპროექტთან დაკავშირებით არაარგუმენტირებულ მსჯელობაში დაადანაშაულეს. ამასთან, მმართველი გუნდის წევრის, დავით ჭიჭინაძის თქმით, 40 წელს გადაცილებულმა დეპუტატებმა ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტს ხმა საერთოდ არ უნდა მისცენ.
,,დღეს არის 2018 წელი, ხალხი მარსზე გაფრენას აპირებს და თქვენ გველაპარაკებით, რომ 1950 წლის რეფორმა მივიღოთ? თუ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ხართ, ცოტა მასშტაბურად მაინც გვითხარით, რომ დავიჯეროთ და ხალხს სხვანაირად ვუთხრათ. ის ქვეყნები, რომლებსაც დღეს უკვე ჩვენზე დიდი პენსიები აქვთ, ჩვენი მოქალაქეები იმათ მოქალაქეობას იღებენ. აფხაზეთი და ოსეთი არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, მათი მოსახლეობა არის ჩვენი მოსახლეობა, ეს რეფორმა ითვალისწინებს მათ ჩართვას ამ სისტემაში? არ ითვალისწინებს _ ხომ სწორი ვარ? მიმზიდველი მათთვის არ არის. მარტო ვიწროდ ყურება, არა მგონია, რომ სწორი იყოს. ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროდან, რომ მოვდივართ აქ ცოტა ანალიზი უნდა გვქონდეს გაკეთებული.
ჩემი აზრით, 40 წელს გადაცილებულმა დეპუტატებმა ამ კანონპროექტს ხმა საერთოდ არ უნდა მივცეთ, ეს ჩვენი პრეროგატივა არ არის. ვინც 40 წელზე ნაკლები ასაკისაა თვითონ გადაწყვიტონ უნდათ მათ ეს კანონი თუ არ უნდათ“, _ მიმართა კანონპროექტის მომხსენებელს ჭიჭინაძემ.
პარლამენტში კანონპროექტის მომხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა არიან.