ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუციის პროექტი წარუდგინა დეპუტატებს მამუკა მდინარაძემ.
მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით პოზიციები თანხვედრაშია. როგორც სხდომაზე ,,ქართული ოცნების“ წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რეზოლუციასთან დაკავშირებით აზრთა ერთიანობა დადებითი გზავნილია როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ისე ქართველი ხალხისთვის.
,,მნიშვნელოვანია, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის თემებს ვეხებით ვიყოთ ერთიანები. თუ ქართული საზოგადოება არ იქნება ერთიანი იმ ხალხს, ვინც დღეს გარიყულია, ოკუპირებულ ზონებზე ცხოვრობს და ფაქტობრივად, მძევლად არის აყვანილი ოკუპანტის მხრიდან ჩვენთან ვერ გავაერთიანებთ.
არის საკითხები, რომლებიც არანაირ პოლიტიკურ მსოფლმხედველობაზე აღარ გადის, გადის მხოლოდ ჩვენ ისტორიულ და ტრადიციულ ინტერესზე რომ ვიყოთ ერთიანები და ვცხოვრობდეთ ერთიან სახელმწიფოში, ამიტომ ნებისმიერი ერთიანობა ამ თემებზე არის ის ნაბიჯი, რომელიც გვაახლოებს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან.
ამ თემებზე დისკუსია, შესაძლოა, იყოს მხოლოდ ტაქტიკური ხასიათის, მაგრამ არსებითად უნდა ვახერხებდეთ შეთანხმებას და ის ფაქტი, რომ ქართული პარლამენტი ახერხებს იმას, რომ ერთიანი რეზოლუციით გავიდეს სესიაზე და ამ რეზოლუციამ ერთიანი მხარდაჭერა მიიღოს ძალიან კარგი გზავნილია, როგორც საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, ასევე ჩვენი საზოგადოებისთვის, რომლისთვისაც ჩვენი ერთიანობა მაინც ოპტიმიზმის წინაპირობაა, რომ ჩვენი ქვეყანა, შესაძლოა, ერთიანი გახდეს“,_თქვა გედევენ ფოფხაძემ.