ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, რომელმაც არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ნახა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ვაიმე, შვილო, თითი გაქვს მოჭრილი!..”- ეს იყო არჩილ ტატუნაშვილის დედის პირველი ფრაზა, როცა შვილის ცხედარს მოეფერა…
არჩილს მაჯები დახვრეტილი, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი კი მოჭრილი აქვს…
მაპატიეთ ასეთი ნატურალიზმი, მაგრამ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის მოჭრა ოკუპანტების “საფირმო” ხელწერაა: ასე სჯიან ისინი მოწინააღმდეგე სამხედროებს, იმ თითს აჭრიან, რითაც ჩახმახისთვის გამოუკრავს…
ახლა, დაახლოებით, ვიცით, როგორ აწამებდნენ ცოცხალ არჩილს…
და რა გულისამრევია ამ ფონზე კომენტარები…
“ცხედრის დაზიანებებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ”, რაც ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისგან გვესმის, ვინც ცხედარი დაათვალიერა”, _ წერს ბერულავა სოციალურ ქსელში.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოასვენეს.
ცხედრის გადმოცემა ერგნეთის ტერიტორიაზე მოხდა. ტატუნაშვილის ცხედარი საოკუპაციო ხაზთან წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მიასვენეს.
რამდენიმე საათის წინ კი ტატუნაშვილის ცხედარი წილკანში თავის სახლში გადაასვენეს. მანამდე ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა შვიდ საათზე მეტ ხანს უტარდებოდა. პროცესს სამხარაულის ექსპერტების გარდა, ოჯახის მიერ დაქირავებული კერძო ექსპერტიც დაესწრო.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ქართულ მხარეს ცხინვალის ვერსიის არ სჯერა და მიაჩნია, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს.
არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვას საერთაშორისო დონეზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
საქართველოს პარლამენტში ევროპულ საქართველოსა და უმრავლესობას შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების დაღუპვასა და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტიც დარეგისტრირდა. დეპუტატები რეზოლუციას მიმდინარე სასესიო კვირაში დაამტკიცებენ.