ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც ელექტრონულ პეტიციას დანერგავს. ელექტრონული პეტიციის შემუშავების ვალდებულება საკრებულომ ცოტა ხნის წინ დარეგისტრირებული პეტიციითაც აიღო.
ელექტრონული პეტიციის მოდული, არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი” -სა და ოზურგეთის საკრებულოს პარტნიორობით, “ელექტრონული მექანიზმები ღია თვითმმართველობისათვის” პროექტის ფარგლებში შემუშავდება და მისი ინტეგრირება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.ozurgeti.mun.gov.ge მოხდება.
აღნიშნული პროექტის შესახებ, დღეს, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიასა და საკრებულოს წევრებს ესაუბრნენ.
საკრებულომ შესაბამის ნორმატიულ აქტის პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო, ამ მხრივ ცვლილებები იგეგმება რეგლამენტშიც.
“სამართლებრივი აქტის პროექტში გათვალისწინებული იქნება პეტიციის ელექტრონული სახით წარდგენის შემთხვევაში პეტიციის დასარეგისტრირებლად მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 1%-ის 0,5 %-მდე შემცირებაც, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მიერ ელექტრონული პეტიციით სარგებლობას” – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.
“ეს არის კარგი პრეცედენტი. ჩვენ სამოქალაქო ჩართულობის ახალი მექანიზმების დანერგვით მოქალაქეთა მონაწილეობას გავზრდით თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში, ეს იქნება საკრებულოს წინ გადადგმული ნაბიჯი არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით”. _ განაცხადეს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წარმომადგენლებმა.
ელექტრონული პეტციის მოდულის შემუშავება დაახლოებით ორ თვეში დასრულდება. პროექტი “ელექტრონული მექანიზმები ღია თვითმმართველობისათვის” ხორციელდება ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS – ის პროექტის ფარგლებში.
(R)