ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულ უზბეკეთის მოქალაქეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგი) ბრალდებული, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.უ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
უწყების ინფორმაციით, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის აგვისტოში, მ.უ-მ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქის გ.უ-ს საქართველოში ჩამოყვანა უზრუნველყო, რის შემდგომ ჩამოართვა პასპორტი, საცხოვრებლად მოათავსა ნაქირავებ ბინაში, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ძალადობით და იძულებით მოახდინა მისი გადაბირება და პროსტიტუციაში ჩაბმა.