სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების დაუმორჩილებლობისა და პოლიციელთა შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული სანქციების გაზრდის ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ცხარე კამათის საგანი გახდა. სხდომაზე მმართველი გუნდის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს თემასთან დაკავშირებით კონკრეტული მაგალითების წარმოდგენას სთხოვდა.
,,იცით, რატომ შეიცვალა ხელისუფლება 2012 წელს? იმის გამო, რომ პოლიცია იყო რეპრესიული. მე მჭირდება ხედვა, რას ვაკეთებთ. მანდატი იმისთვის მომანიჭა ჩემმა ამომრჩეველმა, რომ დავჯდე და ვიკამათო ფუნდამენტურ საკითხებზე. თქვენ ხართ მიჩვეული _ მოხვალთ და გაიტანთ საკითხს, ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს! ამ საკითხს სჭირდება ფუნდამენტური მსჯელობები“, _ მიმართა გოგიჩაიშვილმა მეზვრიშვილს.
სხდომაზე მეზვრიშვილმა გოგიჩაიშვილს კონკრეტული მაგალითი წარუდგინა.
,,რამდენიმე დღის წინ დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულმა სახეში შეაფურთხა იზოლატორის წარმომადგენელს, რომელიც კეთილსინდისიერად და პატიოსნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მერე აგინა. დამნაშავემ 250 ლარი უნდა გადაიხადოს დღეს და ეს არის თქვენი სახელმწიფოებრივი მიდგომა? პოლიციელს რომ აფურთხებენ, ამაში პრობლემას ვერ ხედავთ?“ _ განადა მეზვრიშვილმა.
ლევან გოგიჩაიშვილმა მეზვრიშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომ პოლიციელებს დაცვა ასეთი კანონის შემქმნელებისგან სჭირდებათ.
,,როდესაც ამ დარბაზში ბიუჯეტი განიხილებოდა, ჩვენ ვითხოვდით პოლიციელებისთვის სოციალური გარანტიების გაზრდას და შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთი ხელმძღვანელი არ გამოსულა და ამისთვის მხარი არ დაუჭერია. პოლიციელებს ხანდახან დაცვა სჭირდებათ ასეთი გადაწყვეტილებების მიმღებები ადამიანებისგანაც. მგონი, დადგა დრო, ისწავლონ დეპუტატებთან ურთიერთობა. გაბრაზებული ტონი, ძალიან გთხოვთ, შემოინახეთ თქვენთვის“, _ მიმართა გოგიჩაიშვილმა ნათია მეზვრიშვილს.