აღდგომა დიდი დღესასწაულია და ყველა ცდილობს, ის განსაკუთრებულად აღნიშნოს.
პეტრე კარლ ფაბერჟე 1846 წელს სანკტ-პეტერბურგში დაიბადა. ევროპაში ძალიან ახალგაზრდა გაემგზავრა საიუველირო საქმის შესასწავლად. რუსეთში დაბრუნებულმა დააარსა „ფაბერჟეს ფირმა“. 1882 წელს ფაბერჟეს ნაკეთობები ძალიან მოეწონა ალექსანდრე მესამეს და სამეფო კარის იუველირად დანიშნა, თუმცა, განსაკუთრებული დიდება ფაბერჟეს სააღდგომო კვერცხების კოლექციამ მოუტანა. პირველი ასეთი სააღდგომო კვერცხი 1885 წელს იმპერატორმა შეუკვეთა მეუღლისთვის საჩუქრად. 1917 წელს ფაბერჟემ სააღდგომო კვერცხების 71 უნიკალური ნიმუში შექმნა, აქედან 54 – სამეფო კარის შეკვეთით.
ყველაზე უნიკალური და ძვირფასი მათ შორის ოთხია:
1. „კვერცხი ალექსანდრე მესამის ძეგლით“ – მთის ბროლისგან გამოკვეთილ ამ კვერცხში მოთავსებულია ცხენზე ამხედრებული ალექსანდრე მესამის ოქროს ფიგურა – ზუსტი ასლი პეტერბურგის ერთ-ერთ მოედანზე აღმართული ძეგლისა. ეს კვერცხი ნიკოლოზ მეორემ 1910 წელს დედას აჩუქა. დღეს ინახება მოსკოვში, კრემლში, „იარაღების პალატაში“.
2. „აზოვის სამახსოვროდ“ – 1891 წელს, აღდგომის დღეს, იმპერატორის ცოლმა, მარია ფეოდოროვნამ, ალექსანდრე მესამეს აჩუქა კვერცხი, რომლის შიგნითაც მოთავსებული იყო კრეისერ „აზოვის სამახსოვროდ“ მინიატურული ფიგურა. დაუმუშავებელი ზურმუხტის გარსი ამ ნამუშევარს უძვირფასესსაც ხდის. დღეს ის კრემლის მუზეუმში ინახება.
3. „გატჩინოს სასახლე“ – ნიკოლოზ მეორის საჩუქარი დედისადმი. უნიკალური ნამუშევარი. ულამაზესი, გადასახსნელი კვერცხი დგას თავისსავე ოქროს სადგამზე, შუაგულში მოთავსებულია გატჩინის სასახლის მაკეტი. ის 1901 წელს, შექმნა ფაბერჟეს მარჯვენა ხელმა, მიხაილ პერხინმა. დღეს ეს კვერცხი ბალტიმორის სამხატვრო გალერეა „უოლტერსში“ ინახება.
4. „კორონაციული“ – ნიკოლოზ მეორე და ალექსანდრა ფეოდოროვნა ტახტზე 1896 წელს ავიდნენ. ერთი წლის შემდეგ, აღდგომის დღესასწაულზე, იმპერატორმა კორონაციის წლისთავის აღსანიშნავად, მეუღლეს ოქროს კვერცხი აჩუქა. მის შიგნითაც, ასევე, ოქროს კარეტა იდო – ეს იმ კარეტის ზუსტი ასლია, რომლითაც დედოფალი ტაძარში კორონაციის დღეს მიბრძანდა.