“ეს არის დღე როდესაც ბევრი თაობა გაერთიანდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და დღევანდელი დღე ყოველთვის დარჩება სამშობლოს სიყვარულის, თავისუფლების ბრძოლის, თავგანწირვის სიმბოლოდ”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.
“მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა არ შეეგუა დამოუკიდებლობის დაკარგვას, რომელიც მოხდა 1921 წელს და მრავალ წლის შემდეგ თავგანწირვით შეძლო კიდევ ერთხელ გაეთავისუფლებინა ქვეყანა. ზუსტად ორი წლის თავზე ამ მოვლენებიდან საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. დღეს მნიშვნელოვანია ეს თარიღი განსაკუთრებით იმიტომ, რომ 100 იუბილეს აღვნიშნავთ 1918 წელს გამოცხადებული პირველი რესპუბლიკის თარიღიდან. განსაკუთრებულია ის კონსოლიდაცია, რომელიც მოჰყვა 9 აპრილს, რომლის მსგავსიც არ მახსენდება. სწორედ ასეთი კონსოლიდაციით ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, უნდა ავაშენოთ ძლიერი საქართველო, გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა და დავრჩეთ ერთგული იმ იდეალების, რომლისთვისაც 9 აპრილის ღამეს ადამიანებმა თავი გასწირეს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.