“აბსოლუტურად ბუნებრივია ის პროცესები, რომლებიც დღეს პარლამენტში მიმდინარეობს”, _ ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატ გედევან ფოფხაძის მიერ უმრავლესობის დატოვების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
პრემიერის თქმით, ის გედევან ფოფხაძეს შეხვდა და სთხოვა, რომ უმრავლესობა არ დაეტოვებინა .
„მე ძალიან დამწყდება გული, თუ გედი ფოფხაძე დატოვებს უმრავლესობას. მე მას შევხვდი და ვთხოვე, არ დაეტოვებინა უმრავლესობა და იმედი მაქვს, არ დატოვებს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, დემოკრატიის ამ ხარისხის პირობებში უმრავლესობის ერთ ხმაზე ყოფნა გამორიცხულია და არასასურველიც არის. ვფიქრობ, ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ეს არის მონაპოვარი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო და ამ მონაპოვარს სხვა ტიპის მართვაც სჭირდება“, – აღნიშნა პრემიერმა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, უმრავლესობაში არანაირი განხეთქილება არ არის.
“არანაირი განხეთქილება უმრავლესობაში არ არის, არის ძალიან ნორმალური, დემოკრატიული პროცესი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და მონაპოვარია. რა თქმა უნდა, ეს უცხოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამაზე სპეკულირებენ და ცდილობენ, წარმოაჩინონ, როგორც განხეთქილება. ეს მათთვის უცხოა, რადგან ხელისუფლებაში მათი ყოფნის პირობებში ასეთი რამ შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ის განსხვავება, რომელიც დღეს გვაქვს, არის ჩვენი ქვეყნის ნამდვილად ძალიან დიდი მონაპოვარი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. გედევან ფოფხაძის განმარტებით, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება. ფოფხაძის განმარტებით, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.