ოთხი ადამიანი დაშავდა და ერთი ბავშვი გარდაიცვალა ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. დაშავებულები სხვადასხვა დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკასა და კლინიკა “პინეოში” გადაიყვანეს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, რუსთავიდან მაღალი სიჩქარით მომავალი ავტომობილი გზიდან გადავიდა და გაზგასამართ სადგურში შევარდა.
მანქანაში ახალგაზრდა მამაკაცი და 3 ბავშვი იმყოფებოდა, აქედან ერთ-ერთი, 6 წლის ბავშვი ავარიას ემსხვერპლა. დაშავებულია ასევე გაზგასამართი სადგურის ერთი თანამშრომელი, რომელსაც მკურნალობა უტარდება.
შეჯახების შედეგად, დაზიანდა გაზგასამართი მოწყობილობა და 2 ავტომობილი. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და საპატრულო სამსახურები. სადგურის მფლობელის თქმით, საპატრულო პოლიცია ავარიის მიზეზების დასადგენად სადგურზე არსებული ვიდეოკამერების მასალას ექსპერტიზას უტარებს.
გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიდმინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.