რუსეთის ყოფილი ორმაგი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოსაწამლად ძალიან მცირე რაოდენობის მომწამლავი სითხე გამოიყენეს და არა სპრეი ან ორთქლი. აღნიშნულ ინფორმაციას The Guardian დიდი ბრიტანეთის გარემოს დაცვის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ექსპერტებმა 9 ადგილი შეისწავლეს, სადაც შესაძლოა მოწამვლა მომხდარიყო.
ექსპერტებმა ნერვული აგენტის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია სკრიპალების საცხოვრებელი სახლის კართან აღმოაჩინეს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე პოლიცია გამოთქვამდა ვარაუდს, რომ თავდასხმა სწორედ რომ სკრიპალების საცხოვრებელი სახლის კართან მოხდა.
გავრცელებული ცნობით, ვიდრე არ მოხდება თითოეული ნივთის ექსპერტიზა და არ დადგინდება ზუსტად სად მოხდა მომწამლავი ნივთიერების გამოყენება, ობიექტები უსაფრთხოების ძალების მიერ დაკეტილია.
ცნობისთვის, სკრიპალებზე თავდასხმა 4 მარტს მოხდა.
იულია სკრიპალი ამ დროისთვის გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ უსაფრთხო და გასაიდუმლოებულ ადგილას იმყოფება, სერგეი სკრიპალი კი კვლავ საავადმყოფოში რჩება.