საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ,,გურია ნიუსთან“ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას აფასებს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ჯარების ყოფნა ნატოში გაწევრიანებისთვის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია. ამასთან, შარაშენიძის თქმით, საქართველოს საკმაოდ ბევრი მიმართულებით აქვს სამუშაო, რომელთა შორის უპირველესი ქვეყნის გაძლიერებაა.
,,საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ჩვენი სტატუს-კვოს პირობებში, საკმაოდ დიდხანს ვერ მოხერხდება. რუსული ჯარები დგას ჩვენს ტერიტორიაზე, რაც ძალიან ართულებს მდგომარეობას. ნატოში ყველაფერი კონსენსუსით მიიღება და საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია ისეთი ქვეყნები, როგორიცებაა: გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ჰოლანდია. ამ ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ჯარების ყოფნა ნატოში გაწევრიანებისთვის სერიოზული შემაბრკოლებელი ფაქტორია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ კონკრეტული თანამშრომლობის ფარგლებში ვერ დავუახლოვდებით ნატოს. პოლიტიკოსებმა, შესაძლოა, თქვან, რომ ნატოს საქართველოს მიღება უნდა დავაჩქარებინოთო, მაგრამ მე არ ვარ პოლიტიკოსი, ამიტომ ჩემი ვალია სიმართლე ვთქვა. ჩვენი ქვეყანა მრავალი მიმართულებით საჭიროებს მუშაობას, პირველ ყოვლისა, ქვეყნის გაძლიერებაა უმთავრესი ამოცანა _ ქვეყანა ძალიან ნელი ტემპით ვითარდება, რაც კონკრეტულ ციფრებსა თუ სტატისტიკაში აისახება. გარდა ამისა, საჭიროა, ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და რა თქმა უნდა, აუცილებელია რუსეთთან საუბარი. აბაშიძე-კარასინის ფორმატმა მოახერხა ის, რომ რუსეთში საქართველო მტრად აღარ განიხილება, რამაც შეამცირა აგრესიის საფრთხე. ჭკვიანური დიპლომატია გულისხმობს იმას, რომ ელაპარაკო ისეთ ქვეყანას, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს შენი ქვეყნისთვის“, _ განაცხადა შარაშენიძემ.