მმართველი გუნდის წევრი, ჩოხატაურის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, თეიმურაზ ჭკუასელი პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას აფასებს. მისი თქმით, დღეს საზოგადოება ვიწრო ჭრილში აზროვნებს და ივანიშვილის დაბრუნებას მხოლოდ პარტია ,,ქართულ ოცნებაში“ არსებულ კინკლაობას უკავშირებს. ამასთან, ჭკუასელი ფიქრობს, რომ ივანიშვილის დაბრუნება შედარებით ფართო ჭრილშია განსახილველი. მისი თქმით, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების რეალური მიზეზი თავად არ იცოდეს, მაგრამ ფიქრობს, რომ ის პატარა საქმისთვის არ დაბრუნდებოდა.
,,მის დაბრუნებას, მხოლოდ დადებითად ვაფასებ. ადამიანებისთვის, რომლებიც 2012 წლიდან მისი ლიდერობით ქვეყნის გადარჩენისთვის ვიბრძოდით, რა თქმა უნდა, მისი დაბრუნება სასიხარულოა. მე და თქვენ, შესაძლოა, ის დაფარული მიზეზები არ ვიცოდეთ, რისთვისაც დაბრუნდა პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, პოლიტიკიდან არასდროს წასულა, მაგრამ ვლაპარაკობ აქტიურ პოლიტიკაზე. ჩვენ სხვანაირად ვაზროვნებთ, წარმოიდგინეთ, რომ არის ძალიან დიდი ფანჯარა და ჩვენ მხოლოდ სარკმელში ვიყურებით, მხედველობაში მაქვს, რომ ყველაფერს პარტიაში მიმდინარე პატარა კინკლაობას ვუკავშირებთ. ამის გარდა, ჩვენი ქვეყანაც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისგან დამოუკიდებლად არ არსებობს და ღმერთმა იცის, ბატონი ბიძინა ივანიშვილი რას ფიქრობს და რისთვის არის. პატარა რაღაცისთვის არ დაბრუნდებოდა, ვგულისხმობ კინკლაობას პარტიაში, ამას ისედაც მოაგვარებდა და მოგვარებულიც არის. ვფიქრობ, მომავალში საინტერესო ცხოვრება გველის“, _ განაცხადა ჭკუასელმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.