დღეს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში კვლავ გადაიდო ხათუნა სურგულაძის პროცესი. იგი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად აღდგენას ან ტოლფას თანამდებობას ითხოვს.
მოსამართლე მარინა კიკნაძემ განაცხადა, რომ განიხილა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, ხათუნა სურგულაძის და ასევე კიდევ ერთი მოსარჩელე ბესიკ მელუას საქმის გაერთიანების შესახებ.
ბესიკ მელუა, ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანებამდე, ქალაქ ოზურგეთის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
_ჩვენ გადავხედეთ, რამდენად სამართლიანი იყო წარმოდგენილი შუამდგომლობა. სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია, ეს ორი საქმე გაერთიანდეს. განჩინება არ საჩივრდება, _ თქვა მან.
მოცემული საქმის განხილვა 4 მაისს, 13 საათისთვის გადაიდო.