„გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ შვიდ ოზურგეთელ სტუდენტს სწავლის თანხის გარკვეული ნაწილი (ზოგს _ 1125 , ზოგს _ 500 ლარი) ერთჯერადად დაუფინანსა.
ჩვენი წყაროს თქმით, აღნიშნული სტუდენტები შარაშენიძის ფავორიტი სწორედ ნათესაობის და მშობლების მიერ, მისადმი არჩევნებზე გამოჩენილი მხარდაჭერის გამო გახდნენ.
„ჩვენს ქვეყანაში სტუდენტთა უმეტესობას სჭირდება დახმარება. ყველას გვყავს შვილები და ახალგაზრდობა ჩვენი მომავალია. ბუნებრივია, საწინააღმდეგო არაფერი იქნება მაშინ, როცა ამ შვიდიდან შვიდივე საარჩევნო მხარდამჭერის შვილი ან მერის ნათესავი რომ არ იყოს”, _ ამბობს ჩვენი წყარო.
„გურია ნიუსმა“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, რომელშიც ვკითხულობთ:
„თქვენი 02.05. 2018 წ. მომართვის პასუხად გაცნობებთ, რომ 2018 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 7 სტუდენტს სასწავლო გრანტის სრული რაოდენობის ნაწილი ერთჯერადად დაუფინანსა. მათ შორის იყვნენ სოციალურად დაუცველი და ასევე, წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, განსაკუთრებული სასწავლო მიღწევებით, როგორც საქართველოში, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ორიენტირებული არიან თვითგანვითარებასა და სრულფასოვანი უმაღლესი განათლების მიღებაზე, არიან საერთაშორისო სტუდენტურ-ახალგაზრდული პროგრამების მონაწილე და წარმოდგენილი აქვთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სტუდენტების დაფინანსება გახორციელებულია მერის სარეზერვო ფონდიდან ბრძანებით გამოყოფილი თანხით, ზოგადი განათლების ხელშეწყობის მუხლიდან“.
ოზურგეთის მერიაში უარი გვითხრეს სტუდენტთა სახელობითი სიის მოწოდებაზე, თუმცა, „გურია ნიუსმა“ ეს სია მოიპოვა და გაარკვია, რომ აქ არ არიან სოციალურად დაუცველები, სტატუსშეჩერებული ან უდედმამო სტუდენტები. სიაში არის კონსტანტინე შარაშენიძის უახლოესი ნათესავიც _ დედის დეიდაშვილის შვილი.
„გურია ნიუსი“ ცდილობდა პირდაპირ მერთან გაერკვია, მოხდა თუ არა სტუდენტთა შერჩევა არა სწავლის ხარისხის მიხედვით, არამედ, ძირითადად, არჩევნებში მხარდამჭერი მშობლებისა და უახლოესი ნათესაობის გამო. თუმცა, შარაშენიძემ ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.