ნაძალადევის რაიონში, მესხის ქუჩაზე, დღეს რამდენიმე ხე მოჭრეს. გამგებლის მოადგილის ბეჟან ხუციშვილის თქმით, ხეები დაზიანებული და გამხმარი იყო:
_ მოსახლეობაც დაგემოწმებათ. გამხმარი იყო ძირები და იმიტომ მოიჭრა, _ გვიმტკიცებდა ხუციშვილი, თუმცა, მას შემდეგ რაც მოჭრილი ხის ძირი ვანახეთ, რომელიც ჯანმრთელად გამოიყურებოდა, გვითხრა, რომ ხეს ტოტები ჰქონდა გამხმარი. ხუციშვილმა იქვე მყოფი ადგილობრივების დამოწმებაც სცადა, თუმცა, რატომ მოიჭრა ხე, რომლის ძირიც ჯანმრთელია, ადგილობრივებისთვისაც გაურკვეველი აღმოჩნდა.
ნაძალადევის რაიონის გამგებლის მაოდგილის თქმით, მოჭრილი ხეების ნაცვლად, ახალ ხეებს დარგავენ და ამ ადგილზე პარკიც გაშენდება
ჩვენს კითხვაზე _ არსებობს თუ არა სპეციალისტების დასკვნა, რომ ხე გამხმარი იყო, გვიპასუხა, რომ დასკვნა საჭირო არაა და ფოტო მასალაც საკმარისია. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ მიერ გადაღებულ ფოტოებში კარგად ჩანს, რომ ჯანმრთელი ხეებია მოჭრილი. შესაბამისად, თუ გამგებლის მოადგილის სიტყვებს დავეყრდნობით, რომლის თანახმადაც მხოლოდ ფოტოებია საკმარისი ხეების ვარგისიანობის შესაფასებლად, გამოდის რომ ნაძალადევის გამგეობამ მესხის ქუჩაზე ჯანმრთელო ხეები მოჭრა.
ხეების მოჭრა კი, როგორც ბეჟან ხუციშვილი ამტკიცებს, მერიის თანხმობით მოხდა.
ამ თემაზე კომენტარი გააკეთეს ნაძალადევის რაიონის გამგეობის პრესსამსახურში და გვითხრეს, რომ გამგეობის მიერ მხოლოდ დაზიანებული ხეები მოიჭრა. მათ საკუთარი სიტყვის დასტურად ფოტოებიც მოგვაწოდეს და აღნიშნეს, რომ მოჭრილს ხეს ძირი ჰქონდა დაზიანებული: _ შუა ტანი, შეიძლება, შედარებით საღი იყო და დაჭრილი მორები საღად ამიტომ გამოიყურება.
განგეობის პრესსამსახურის თქმით, ერთ-ერთი ხის მოჭრა, რომლის ძირიც საღია, თავიდან არ სურდათ: “მიუხედავად იმისა, რომ ამ მესამე ხის გადაბელვა გვინდოდა და არა მოჭრა, სამუშაოების გახორციელების პროცესში აღმოჩნდა, რომ კიდევ უფრო ხმელი იყო, ვიდრე გვეგონა, ამიტომ გადანაბელის დატოვებასაც არ ჰქონდა აზრი და მოვჭერით ესეც, რასაც ასევე დაადასტურებენ ადგილობრივი მცხოვრებლებიც და კონტრაქტორიც”, _ მოგვწერეს პრესსამსახურიდან.
მისივე თქმით, “ტერიტორია არის მუნიციპალური და, შესაბამისად, მოსახლეობას წერილობით არ მოუმართავს გამგეობისთვის, თუმცა, ადგილზე შემოწმებისას საუბრობდნენ რომ ორი ხე იყო ძირგამომპალი და ერთი _ ხმელი. სანაცვლოდ გამგეობა ახალ ნარგავებს გააშენებს და სკვერის რეაბილიტაციის ფარგლებში, კეთილმოაწყობს მიმდებარე ტერიტორიას”, _ მოგვწერეს პრესსამსახურიდან.
ნაძალადევის გამგეობის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ფოტოები, რომლითაც ისინი ამტკიცებენ, რომ ხეები გამხმარი იყო
“გურია ნიუსის” მიერ გადაღებული კადრები