გურიის რეგიონი სოფლების: ლაითურის, ძიმითის და ნიგვზიანის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების შემდეგ დაიწყება, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ განუცხადა.
“წელს, როგორც კი სასწავლო წელი დასრულდება გურიაში ვიწყებთ საჯარო სკოლების რეაბილიტაციას. ესენია :_ლაითურის, ძიმითის და ნიგვზიანის საჯარო სკოლები. დასავლეთ საქართველოში კი სულ 30 სკოლის რეაბილიტაცია გახორციელდება. ყველა საჯარო სკოლა აღიჭურვება საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ათასწლეულების გამოწვევის ფონდის მიერ ამერიკის მთავრობის გრანტით“,_ამბობს მაღრაძე. მისივე თქმით, აშშ–მ საქართველოში სკოლების რეაბილიტაციისთვის 55 მილიონი დოლარი გამოჰყო. “ჯამში ამერიკის მთავრობამ საქართველოს მასშტაბით სკოლების რეაბილიტაციის თვის გადმოგვცა 55 მილიონი დოლარი. ჩვენ უკვე დავასრულეთ 60 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია“, _ ამბობს ის.
მაღრაძის თქმით, საჯარო სკოლებში რეაბილიტაციის დასრულებამდე მოსწავლეებს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო ალტერნატიულ სასწავლო დაწესებულებებში გადაანაწილებს. “საჯარო სკოლების რეაბილიტაციას სჭირდება 6 თვიდან 1 წლამდე. იმის მიხედვით, თუ რა მდგომარებაა საჯარო სკოლაში. ეს არის სრული რეაბილიტაცია, როცა სკოლა დადის კარკასის დონეზე და შემდეგ კეთდება. შესაბამისად, იმ პერიოდში როცა რეაბილიტაცია ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს ამ სკოლის მოსწავლეების ალტერნატიულ საჯარო სკოლებში ან სხვა ფართში გადაყვანას, რაც ხელმისაწვდომია ამ სოფლებში“, _ ამბობს მაღრაძე
როგორც ცნობილია, დასავლეთ საქართველოში სკოლების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი მთლიანი თანხა 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
სასწავლო პირობები კი 15 200 მოსწავლეს გაუმჯობესდება.