პარლამენტის საგაზაფხულო სესიას პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც ქუცნაშვილმა განაცხადა, დღეს პარლამენტს უწევს იმ ინსტიტუტების სისწორეში ეჭვის შეტანა, რომელსაც პარლამენტი ვერ აკონტროლებს. მისი თქმით, დღეს პარლამენტი მოკლებულია ობიექტურ ინფორმაციას იმის შესახებ, სად და რომელ ეტაპზე დაირღვა გამოძიება.
,,სისხლის სამართალს იმიტომ ჰქვია სისხლის სამართალი, რომ სადაც დაიღვრება სისხლი, იქ უნდა იყოს სამართალი და ბუნებრივია, რომ პარლამენტი მივიდა იმ ეტაპამდე, როცა მოუწია მის კონტროლს მიღმა არსებული ხელისუფლების გადაწყვეტილებების სისწორეში ჩარევა. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ პარლამენტის კონტროლის ქვეშ არ არის სასამართლო ხელისუფლება და აქედან გამომდინარე, პარლამენტი ვერ იღებს გადაწყვეტილებას ამ სასამართლო ხელისუფლების ქმედებების შედეგებზე, ისევე, როგორც პარლამენტის, ირიბად კონტროლის ქვეშ არის მთავარი პროკურატურა. ჩვენ გვაქვს სხვა ინსტრუმენტები პროკურატურაზე ზედამხედველობის გაწევის, აქედან გამომდინარე, დღეს პარლამენტის წევრები მოკლებულნი ვართ ობიექტურ ინფორმაციას იმის თაობაზე დარღვევა სად მოხდა პროკურატურის გამოძიების ეტაპზე თუ სასამართლოს გამოძიების ეტაპზე. შესაბამისად, დგას სამართლებრივი შეკითხვა საგამოძიებო კომისიამ ვის მიმართ უნდა წარმართოს თავისი მოქმედება პროკურატურის გამომძიებლების მიმართ თუ იმ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ჩვენ წინაშე ანგარიშვალდებულნი არ არიან“,_ განაცხადა ქუცნაშვილმა.