მთავრობის განკარგულებების საფუძველზე, სარეზერვო ფონდიდან ხშირად თანხები გამოიყოფა საბიუჯეტო ორგანიზაციების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის ან ცალკეული მიმდინარე ხარჯების დასაფარად კონკრეტული მიზეზის მითითების გარეშე, რაც ეჭვქვეშ აყენებს აღნიშნული ხარჯების სარეზერვო ფონდიდან დაფინანსების აუცილებლობას, _ ნათქვამია კვლევაში, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.
ორგანიზაცია ასევე აქვეყნებს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან არა ფორსმაჟორული ხარჯების 5 თვალსაჩინო მაგალითს წლების მიხედვით:
2013 წელი
2013 წელს, მთავრობის ადმინისტრაციამ გახარჯა 1,290,323.7 ლარი საქართველოს სავაჭროსამრეწველო პალატის ფუნქციებისა და მოვალეობების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, ასევე მისთვის სარგებლობაში გადაცემული შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვისთვის
მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასევე საერთო სასამართლოებმა გახარჯეს 3,220,000 ლარი საერთო სასამართლოების სისტემაში შემავალი სასამართლო დარბაზების ვიდეოჩამწერი სისტემით აღჭურვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად;
თავდაცვის სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გახარჯა 5,000,000 ლარი ოპტიკური ხაზისა და მის შესაერთებლად საჭირო აპარატურის შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად;
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისა და სამინისტროს სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დასაფინანსებლად _ 13,916,822.4 ლარი;
კულტურის სამინისტრომ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქარისა“ და ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის „ღამის სერენადების“ ჩასატარებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 200,000 და 68,282 ლარი გახარჯა.
2014 წელი
2014 წელს, მთავრობის ადმინისტრაციამ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გახარჯა 486,561.6 ლარი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების საკომუნიკაციო სტრატეგიის განვითარების ხელშეწყობისთვის, კომპანია „The Harbour Grup“-ისგან საჯარო მოსამსახურეთა ტრენინგების ჩატარებისა და დისტანციური საკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვისთვის საჭირო ხარჯების დაფარვის მიზნით;
ასევე 332,320 ლარი საქართველოს მთავრობის ორწლიანი მუშაობის შეჯამების ამსახველი ანგარიშის საზოგადოებისთვის გასაცნობად საჭირო ხარჯების დაფარვის მიზნით;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გახარჯა 993,400 ლარი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისთვის გადასაცემად, მის მიერ სწავლებისა და კვლევითი ხარისხის განვითარების დაფინანსების მიზნით;
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 450,000 ლარი გახარჯა სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს – ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქარის“ ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით; .
ისევე როგორც 951,789.7 ლარი თბილისში, ახალი წლის ღამეს, ჯგუფების „Parove Stelas Rand“ და „Groovesonix Band“ კონცერტის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის მიზნით.
2015 წელი
2015 წელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 21,853,473.6 ლარად მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯზე შეიძინა კომპანია „Microsoft“-ის ლიცენზიები;
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გახარჯა 466,886.1 ლარი სსიპ – ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის გახსნასთან დაკავშირებით, ჯორჯ ბალანჩინის საბალეტო სპექტაკლ „სიმფონი ინ სისზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერისა“ და საზეიმო გალა კონცერტის დადგმასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით;
ასევე, 451,357 ლარი საქართველოს 11 თვითმმართველ ქალაქში (თელავი, მცხეთა, რუსთავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ამბროლაური, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი) დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების ხარჯების დაფარვის მიზნით;
830,600 ლარი გაიხარჯა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ შეუფერხებელი ფუნქციონირების დაფინანსების მიზნით, როგორც საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები;
ისევე როგორც, 5,190,000 ლარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – „თბილისი 2015“-ის ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის მიზნით.
2016 წელი
2016 წელს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გახარჯა 59,773.7 ლარი 8-24 მაისს ევროპის კვირეულის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯის დაფარვის მიზნით;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გახარჯა 8,799,932.ლარი „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით;
ისევე როგორც, 5,499,999.8 ლარი სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საქართველოს შემოდგომისა და ზამთრის კომპლექსური მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების წარმოების მიზნით;
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 27,970,212.4 ლარი გახარჯა 2016 წლის კულტურულ ღონისძიებათა გეგმის განხორციელების, ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისა და სარეკლამო კამპანიისთვის საჭირო ხარჯების დაფარვის მიზნით;
ისევე როგორც 244,000 ლარი წიგნის – „საუკუნის ტრილოგია – ნათელი ქრისტესი საქართველოს“ მე-3 ტომის – „მზიანი ღამე პატრიარქი“ გამოცემასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის მიზნით.
2017 წელი
2017 წელს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გახარჯა 419,977 ლარი თბილისში, ლეონიძის ქ. N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, საექსპერტიზო სამუშაოებთან და მდგრადობის კვლევასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის მიზნით;
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს წარდგენასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის მიზნით 496,943.1 ლარი გახარჯა;
ისევე როგორც, დოკუმენტურ ფილმ „აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატების მოგზაურობის“ გადაღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის მიზნით – 49,629 ლარი;
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 6,999,936.3 ლარი გახარჯა საქართველოში ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის 2017 წლის ხარჯების დაფარვის მიზნით;
ისევე როგორც, 1,999,341 ლარი 2017 წლის ბოლომდე „კალათბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებისა და ხარჯების დაფარვის მიზნით;
„ საბიუჯეტო კოდექსში სარეზერვო ფონდებზე არსებული ჩანაწერი არის ზედმეტად ფართო, რის გამოც მარტივად შეიძლება მთავრობის სარეზერვო ფონდის არაფორსმაჟორული სიტუაციებისთვის გამოყენება.
2013-2017 წლებში, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან იგივე თანხა დაიხარჯა ღონისძიებების ჩატარებაზე, რაც ფორს-მაჟორულ ან გაუთვალისწინებელ სიტუაციებზე, მაშინ, როდესაც სარეზერვო ფონდი, თავისი არსით, ამ უკანასკნელს უნდა მოხმარდეს.
ამ პერიოდის განმავლობაში, 10 სახელმწიფო უწყება მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ყოველწლიურად ითხოვდა თანხას, რაც პოტენციურად ბიუჯეტის დაგეგმვის ნაკლოვანებებზე მიუთითებს. ვინაიდან, სახელმწიფო შესყიდვების კანონი არ ვრცელდება მთავრობის სარეზერვო ფონდზე, უწყებები არ არიან ვალდებულნი გამოიყენონ შესყიდვის კონკურენტული პროცედურები და პროაქტიულად გამოაქვეყნონ შესყიდვების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, ასეთ შესყიდვებში არსებობს საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი განკარგვის რისკი, ისევე როგორც გამჭვირვალობის დაბალი ხარისხი” _ აცხადებენ კვლევის ავტორები.