პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებლობას იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს აკისრებს. ამასთან, როგორც ცისკარიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, სისტემა, რომლითაც მთავარი პროკურორი აირჩევა შესაცვლელია.
,,წულუკიანი მთავარი პროკურორის დანიშვნისას ვერ მიხვდა, რომ ადამიანი, დამფრთხალი ბავშვის გარეგნობით, ვერ შეძლებდა თავში ჩადგომოდა ასეთ სერიოზულ საქმეს? დღეს დადგა ჟამი იმისა, რომ ყველამ ხელი დაიბანა მთავარი პროკურორის გადაყენებით, მაგრამ არავინ ამბობს, რომ შევცდით დანიშვნისასო. სისტემა, რომლითაც აირჩევა პროკურორი, უნდა შეიცვალოს, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა ამაღლდეს პასუხისმგებლობის საკითხი მათ მიმართ, ვინც ხმას აძლევს მის დანიშვნისას“, _ თქვა ცისკარიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვა, რადგან, მათი თქმით, წულუკიანი მართლმსაჯულების სისტემაში არსებული სისტემური პრობლემების ერთ-ერთი შემოქმედია. არასამთავრობოების მოთხოვნას, დღის ბოლოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. კვირიკაშვილმა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნას აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებული უწოდა.