წინა საუკუნის 50-იან წლებში რომის პაპმა იოანე XXIII-მ ქართველი ქალის დამახასიათებელი ტიპაჟის ფოტოპორტრეტი ითხოვა (ის სხვადასხვა ქვეყნის ქალთა ტიპიურ სახეებს აგროვებდა). მას მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, ლია ელიავას და დოდო ჭიჭინაძის სურათები გაუგზავნეს. პაპს აღფრთოვანება არ დაუმალავს ოთხივეს სილამაზის მიმართ და უთქვამს:
„ესენი (მედეა ჯაფარიძე და ლია ელიავა) დიდებული ევროპაა! ეს (ლიანა ასათიანი) მშვენიერი აღმოსავლეთია! ეს კი (დოდო ჭიჭინაძე), ეს სახე, მგონი, მართლაც ქართულია“.
დოდო ჭიჭინაძის სილამაზის შესახებ მსახიობი ლეილა აბაშიძე იხსენებდა:
„იტალიაში ერთ დრამატურგთან მიგვიწვიეს. ოთახში, სადაც სუფრა იყო გაშლილი, ხატების კუთხე ჰქონდათ. ღვთისმშობლის ხატთან ერთად დოდო ჭიჭინაძის სურათი მოეთავსებინათ – ისიც ღვთისმშობლის ხატად აღექვათ. როცა ჩვენს უცხოელ მასპინძელს ვუთხარი, რომ ეს ჩვენი მსახიობის, დოდო ჭიჭინაძის სურათი იყო და მისი ხატად აღიარება მკრეხელობად ჩაითვლებოდა, მან კატეგორიულად იუარა, არა, ეს მარიამ ღვთისმშობლის სახეაო. შევეშვი, რაკი ასე ძალიან სურთ, დაე, დოდოშკას სურათზე ილოცონ-მეთქი“.