თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება.
მასთან რამდენიმე წუთის წინ ადვოკატი მივიდა. ადვოკატს არ დაუკონკრეტებია, რატომ მივიდა შსს-ში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას სუბელიანის ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ.
სუბელიანი შსს-ში გამოკითხვაზე დღეს მეორედ დაიბარეს.
გამოკითხვაზე შესვლამდე სუბელიანმა ჟურნალისტებთან ვრცელი კომენტარი არ გააკეთა. მისი თქმით, განმარტებებს გამოძიება გააკეთებს. კითხვას, რას უკავშირდება შსს-ში მისი კიდევ ერთხელ დაბარება, სუბელიანი პასუხობს, რომ ეს „გამოძიებასთან თანამშრომლობას უკავშირდება“.
მირზა სუბელიანი შსს-ში გამოკითხვაზე 7 ივნისსაც იმყოფებოდა. მისი გამოკითხვა ცხრა საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, ხოლო დავით სარალიძე 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სასამართლომ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წლითა 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძისგანზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე.
1tv.ge