ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ანასეულის მოსახლეობა, მრავალი წელია, უწყლობას უჩივის, თუმცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრობლემის სიმძიმემ პიკს მიაღწია.
საკუთარი პრობლემას ანასეულელები “გურია ნიუსისთვის” მოწოდებულ განცხადებაში აღწერენ.
“უწყლობის გამო, ანასეულის მოსახლეობა დღეისთვის უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაშია. ადვილი მოსალოდნელია, აქ ეპიდემიამ იფეთქოს, რადგან ხალხი, ძირითადად, კორპუსებში ცხოვრობს და საკანალიზაციო სისტემას თავისი საექსპლუატაციო წესები აქვს. ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან, ანასეულს საკუთარი წყალმომარაგება გააჩნდა, რომელსაც მდინარე აჭიდან თვითდინებით იღებდა და ნორმალურად ფუნქციონირებდა.
რადგან წყალმომარაგების ხაზი მდებარეობს სოფელ ლიხაურის ტერიტორიაზე, თავის დროზე, პროექტის ორგანიზატორმა, ინსტიტუტის ყოფილმა დირექტორმა ვახტანგ ჯაყელმა გამოიჩინა კეთილი ნება და ცალკე წყალგაყვანილობის ხაზი, მისივე მითითებით, გაკეთდა ლიხაურის მოსახლეობისთვისაც.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ლიხაურის მოსახლეობამ მასობრივად, უნებართვოდ დაიწყო ანასეულის წყალგაყვანილობის გამოყენება წყლის დამატებითი მილების მიერთებით. ანასეულის ხელმძღვანელობა ადრეულ წლებში ახერხებდა ზომების მიღებას და ინსტიტუტის ფუნქციონირებისა და მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების რეგულირებას. იყო ფაქტი, როცა რაიონის ხელმძღვანელობამ, პოლიციის მონაწილეობით, მოახდინა ანასეულის წყალგაყვანილობის გათავისუფლება _ ლიხაურის მოსახლეობის ნაწილს მილები ჩაუჭრა და მკაცრი გაფრთხილებაც მისცა.
ამჟამად პროცესი კვლავ უკონტროლო გახდა და წყლის მოწოდება კატასტროფულად შემცირდა. ლიხაურის “მოსახლეობის მიბმას” ანასეულის წყალგაყვანილობაზე დაემატა ლიხაურში მდებარე საწარმო, რომელიც, რამდენადაც ცნობილია, მაქსიმალურად იყენებს ანასეულის გაყვანილობის წყალს და იჩენს სრულ უპასუხისმგებლობას ანასეულის მოსახლეობის და ინსტიტუტის მიმართ. ყოველივე ამის გამო, ანასეულის მოსახლეობა დღეების და ზოგჯერ რამდენიმე კვირის განმავლობაში, მთლიანად უწყლოდ რჩება. ამასთანავე ანასეულის დასახლებაში არ არსებობს რაიმე წყარო, მდინარე, არ კეთდება ჭა. ამ დროს კი, ლიხაურის მოსახლეობა გაყვანილ წყალს, ძირითადად, მოსარწყავად იყენებს.
ანასეულის მოსახლეობის და აქ არსებული დაწესებულებების (სკოლა, საბავშვო ბაღი, სსიპ დიაგნოსტიკური ცენტრი, ა(ა)იპ-ის საკვლევი ინსტიტუტი, ჩაის გადამამუშავებელი საწარმოები) _ სასმელი წყლით მომარაგების უზრუნველყოფას უკანასკნელ პერიოდში გვპირდებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელები და დეპუტატები, მაგრამ არავითარი შედეგი არ დამდგარა არასდროს.
ანასეულის მოსახლეობის მოთხოვნაა, წყლის პრობლემის მოგვარება ყველაზე მარტივი ფორმით: ანასეულის წყალმომარაგების ხაზის გათავისუფლება უნდა მოხდეს ლიხაურის მოსახლეობის მიერ და იქ არსებული საწარმოს მილების ჩაჭრით”, _ აღნიშნულია წერილში.
“გურია ნიუსი” ანასეულის მოსახლეობის პრობლემას ადგილზე გაეცნო. ჩვენ დაბაში იმ დროს მივედით, როცა ერთ-ერთ ადგილობრივს, უნივერსიტეტის ქუჩაზე მცხოვრებ ირაკლი გაბედავას მანქანიდან წყლით სავსე ბალონები გადმოქონდა: “აი, ასე ვეზიდებით ქალაქის სხვადასხვა უბნიდან ანასეულში წყალს, ძალიან ცუდ დღეში ვართ და საშველი არ ჩანს. ყველაზე მეტად ამის გვეშინია, რაიმე ეპიდემია არ გაჩნდეს”, _ გვითხრა ირაკლი გაბედავამ.
“გურია ნიუსთან” დაბაში არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით გულისტკივილით საუბრობენ:
თინა სალუქვაძე, ანასეულის მცხოვრები, ოთხი შვილის დედა: “ჩვენთან წყლის მოწოდება გრაფიკითაა, თუმცა, სახელად ჰქვია ასე _ 48 საათში ორი საათით გვაქვს წყალი. არ არის ეს უბედურება? სარეცხის მანქანა ჩართულია და უცებ ჩერდება. როდის და როგორ მოვასწროთ გარეცხვა, დაბანა, სხვადასხვა ჰიგიენური მომსახურება?! პირუტყვები ხომ არ ვართ?! არა და არ ეშველა ამ პრობლემას. ვინ დაგვეხმარება? მივედით მერიაში და ჩვენ რა უნდა ვქნათო, _ გვითხრეს. ვიღაცამ ხომ უნდა იტვირთოს ორგანიზატორის როლი? ხელისუფლება რატომ გვყავს?!”
ლალი სურგულაძე, ანასეულის მცხოვრები: “მივედით ქალაქის მერიაში. მერის მოადგილემ, ოსიკო თოთიბაძემ მიგვიღო და გვითხრა, წადით და პარლამენტის დეპუტატს, არჩილ თალაკვაძეს მიმართეთო (ოსიკომ, რომელიც მერი მოადგილეა, ისიც კი არ იცის, რომ წყლის პრობლემის მოგვარება პარლამენტარის საქმე არაა. რედ.). თვითონ არ უნდა მიმართონ?”
რუსუდან ჯაში, ანასეულის მცხოვრები: “ოსიკო თოთიბაძემ ისიც გვითხრა, ანასეული ჰაერშია გამოკიდული და ეს უბანი ქალაქს არ ეკუთვნისო. ახლა უბანი გავხდით? იმასაც ამბობენ, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უარი თქვა, ეს პროექტი არ გვიღირს, სარფიანი არ არისო. ოთხი წელია, სრულ გაურკვევლობაში ვართ. აქ ყველა განათლებული, ღვაწლმოსილი და დამსახურებული ადამიანი ცხოვრობს. ბოლოს და ბოლოს, ვინ მიხედავს ანასეულის წყალს?!”
დემურ გობრონიძე, ანასეულის მცხოვრები: “ჩაინიკით” რეცხავს ხალხი სარეცხს… სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში ანასეულს წყალი არ აქვს. ეს ის ანასეულია, პარიზზე რომ არ გაცვლიდი, ისეთი იყო. ისევ ნაღობილევში წავიდე, საიდანაც ვარ წარმოშობით და იქ ვიცხოვრო, ჯობს. ანასეულის მარცხენა მხარეს, ქვედა ბინებში საერთოდ გაუსაძლისი მდგომარეობაა. ანასეულისთვის ეს მაცოცხლებელი წყალია, ზოგისთვის კი ტექნიკური და მხოლოდ მოსარწყავად ხმარობენ. ყველა “ტრუბაზე” დაჯდა, უკითხავად, უნებართვოდ. ამას ხომ უნდა მიხედოს ხელისუფლებამ, რომელიც ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ. მეტი რა ვქნათ. იყო დრო, პოლიციის ძალით აგვარებდნენ და ახლაც ასე მოიქცნენ”.
“გურია ნიუსთან” საკუთარ თვალსაზრისს და გულისტკივილს გამოთქვამს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსი ვალერიან ცანავა:
“მე შემიძლია გითხრათ ჩემი გულისტკივილი, როგორც ანასეულის მცხოვრებმა. ანასეულის მიმართულებით მომავალ წყლის მაგისტრალზე აბსოლუტურად უნებართვოდ აქვს გაყვანილი წყალი ლიხაურის მოსახლეობას. ამას დაემატა საყვავილე მეურნეობის ადგილზე გახსნილი ახალი საწარმო.
ახალ პროექტზე როგორ ვილაპარაკებ? ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. ერთხელ, კომუნისტების დროს, ვისაც უკანონოდ ჰქონდა გადაყვანილი, ჩაუჭრეს მილიციის დახმარებით. რაღაც ასეთი ახლაც უნდა მოხდეს, რადგან, თავის დროზე, ანასეულის წყალი კეთილი ნებით ნაწილობრივ დაუთმეს ლიხაურს. შემდეგ მოხდა მიტაცება. ამას სჭირდება ხელისუფლების ჩარევა.
კიდევ ბედი ჩვენი, რომ ეპიდემია არ დაიწყო ამდენ ხანს. ახლა, ქალაქიდან, “გზამშენი-18”-ის ტერიტორიიდან ეზიდება მოსახლეობა სასმელ წყალს. ძალიან კარგი ადამიანი და ხელმძღვანელია ბატონი თემურ ჯახვა, ადამიანურად ეპყრობა აქაურებს, მაგრამ, ათასი ხელმრუდი დადის და ვთქვათ დაიკარგა რაიმე იმ ორგანიზაციის ტერიტორიაზე! ხომ გახდება იძულებული ბატონი თემური, რომ ეზოში არავინ შეუშვას?
უამრავი მიზეზი არსებობს, ჩვენი ასეთი მძიმე პრობლემის კიდევ უფრო დასამძიმებლად. აქ, საცხოვრებელ კორპუსებში, ცხოვრობენ ისეთი მარტოხელა მოხუცები, ღვაწლმოსილი მეცნიერები, რომლებიც ხელში ერთი ბოთლის მეტს ვერ იჭერენ. რა ქნას ამ ხალხმა? სერიოზულ ყურადღებას ითხოვს ხელისუფლებისგან ეს პრობლემა. ჩვენ მივმართეთ გურიის წინა გუბერნატორს, სალუქვაძეს. ჯერ გვითხრა _ თქვენთან ვარ, დაგეხმარებითო, მერე კი, ლიხაურის საწარმოში ჩემი მეგობრები არიან და წყალს ვერ შევუწყვეტ, თქვენ ისეც მემდურითო…”
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ნანული ორაგველიძე “გურია ნიუსთან” განმარტავს, რომ თვითონაც ანასეულში ცხოვრობს და ეს პრობლემა მისთვის ნაცნობი და მტკივნეულია:
“გრაფიკი სახელად ჰქვია, თორემ თუ ერთი დღით უნდა მოგვეწოდოს წყალი, მხოლოდ ორი საათით არის, არც კი. ხვალ სულ არ იქნება. გაუსაძლისი მდგომარეობაა. ხელისუფლებამ რაღაც უნდა იღონოს. როგორ შეიძლება ანასეულის დასახლება უწყლოდ იყოს? ლიხაურის მოსახლეობა მრავალრიცხოვანია და უმჯობესი იქნება, ახალ პროექტზე იქ იფიქრონ. ჩვენთან კი ის ძველი აღადგინონ და დაგვიბრუნონ. ცხელი ზაფხული წინ არის და ეპიდემიამ არ იფეთქოს, ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე”.
ანასეულის ინსტიტუტის დირექტორი თემურ რევიშვილი “გურია ნიუსთან” აცხადებს, რომ ის, როგორც ერთი რიგითი ანასეულელი, ძალზე შეწუხებულია ამ პრობლემით:
“მე ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ. წყალი მინდა, ვიხდი ფულს. დროზე უნდა გადაიბაროს ეს საკითხი მუნიციპალიტეტმა და მიხედოს ამ საქმეს. არსებობს სხვადასხვა დონის პროექტები. ჩვენთვის ანასეულის წყალი ყოველდღიურობაა და ვიღაცისთვის კიდევ ტექნიკური წყალი. აქ რიგითი მცხოვრებლები მარტო ვერაფერს გახდებიან _ ხელისუფლება უნდა დაეხმაროს ხალხს. ანასეულში საგანგაშო მდგომარეობაა ამ მხრივ”, _ გვითხრა რევიშვილმა.
“გურია ნიუსმა” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა და მერის მოადგილისგან, ოსიკო თოთიბაძისგან კომენტარი ითხოვა. მკითხველს შევახსენებთ, რომ ოსიკო თოთიბაძე ინფრასტრუქტურის სფეროს განაგებს და ახლახან ანასეულის მცხოვრებლებთან შეხვედრაზეც მან განაცხადა, რომ “ანასეული ჰაერშია გამოკიდული, ქალაქს არ ეკუთვნის და დეპუტატი თუ მიხედავსო”.
ოსიკოს კომენტარს დიდხანს ველოდეთ, თუმცა, ამჯერად, ალბათ, თავად იყო “ჰაერში გამოკიდული” და პასუხი ვერ მივიღეთ.
“გურია ნიუსი” აგრძელებს ანასეულისთვის წყლის მიწოდების პრობლემის შესახებ მასალების მოძიებას, უახლოეს მომავალში კი სოფელ ლიხაურის პრობლემებზე ვისაუბრებთ.