პოლიტიკის ექსპერტი, სოსო ცინცაძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ წულუკიანის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ გაკეთებული განცხადება მუქარის შემცველი იყო. კერძოდ, ცინცაძე ამბობს, წულუკიანი, ერთი მხრივ, შენიღბულად ემუქრებოდა გუნდის წევრებს, მეორე მხრივ, კი აცხადებდა ,,ქართული ოცნებისთვის“ მოვკვდებიო.
,,იუსტიციის მინისტრმა თქვა, მე თუ მომხსნიან თანამდებობიდან თავისუფალი ვიქნები და განცხადებებს ღიად გავაკეთებო, პარალელურად ამბობდა, რომ ხელისუფლების მომხრეა. როგორც ჩანს, რეალობის რელსებს არის აცდენილი. ერთი მხრივ, ამბობს, რასაც მინდა იმას ვიტყვიო და მეორე მხრივ, კი ,,ქართული ოცნების“ მომხრედ მოვკვდებიო. ერთი ხელით შენიღბულად იმუქრებოდა, მეორეთი კი ამბობდა, ჩემნაირი ერთგული ,,ქართულ ოცნებაში“ არავინ გეყოლებათო.
ჩემი აზრით, წულუკიანი არ დატოვებს თანამდებობას, იმიტომ კი არ დატოვებს, რომ ის იდეალური მინისტრია, არამედ იმიტომ, რომ მან არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით პოზიციები განიმტკიცა. სამოქალაქო სექტორმა მოითხოვა შოთაძის გადადგომა და გადააყენეს, წულუკიანის გავლენის ქვეშ მოქცევა კი გამორიცხულია. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ იუსტიციის მინისტრმა სასამართლო სისტემის რეფორმირებაში წაიტეხა ფეხი, რადგან ამ სასამართლო სისტემის ტალღების შემდეგ მივიღეთ ცუნამი მუდმივად დანიშნული მოსამართლეების სახით“,_ გვითხრა ცინცაძემ.