პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომა მიმდინარეობს.
კომისია დღეს დაზარალებულ მხარეს, ზაზა სარალიძეს და დავით დადუნაშვილს შეხვდება. სხდომაზე მიწვეული არიან მათი ადვოკატებიც.
დეპუტატ სერგი კაპანაძის თქმით, კომისიის წევრებისგან დაკომპლექტდება სამწევრიანი ჯგუფი, რომლებიც გამართავენ შეხვედრებს როგორც პენიტენციალურ დაწესებულებაში, ასევე შეხვდებიან ცალკეულ მოწმეებს.
„ჩვენ გავეცანით, ფაქტობრივად, ყველა მასალას, რომელიც ჩვენთან შემოვიდა, როგორც სასამართლოდან ისე სამართალდამცავი ორგანოებიდან და დღეს ვიწყებთ ახსნა-განმარტების მოსმენას. პირველები იქნებიან დაზარალებულების ოჯახები. კითხვა ბევრი არის და თქვენ მოისმენთ ამ კითხვებს ორშაბათს-სამშაბათს. დარწმუნებული ვარ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ნათელი მოეფინოს, რა მოხდა ხორავას ქუჩაზე და მერე რატომ არ იქნა გამოძიება მიყვანილი ბოლომდე.
ამ კითხვებზე პასუხები არის უაღრესად მნიშვნელოვანი და თუ ამ კითხვებზე არ იქნა პასუხი გაცემული მეტი ეჭვი გაჩნდება“, _ განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისი განცხადებით, კომისიის ფარგლებში დაიბარებენ ყველა პირს, რომლებსაც შეხება ჰქონიათ ამ საქმესთან.