საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“, რომლის დავალიანება აქამდე, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარით განისაზღვრებოდა, ფიფას ვერდიქტით ახალი ფინანსური სანქციები დაეკისრა.
როგორც გაირკვა, ისედაც საკმაო ფინანსური პრობლემების მქონე „გურიას“, ერთ-ერთი ბრაზილიური კლუბის სასარგებლოდ 40500 ევროს, ხოლო უშუალოდ ფიფასთვის ხუთი ათასი შვეიცარული ფრანკის გადახდა მოუწევს. საქმე 2016 წელს ლანჩხუთურ კლუბში მოთამაშე ბრაზილიელ ლეგიონერს ეხება, რომლის აღმზრდელმა კლუბმაც მიმართა ფიფას საჩივრით და „გურიასგან“ საფეხბურთო წესდების დარღვევის სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით გარკვეული თანხის გადახდა მოითხოვა.
აღნიშნულ ინფორმაციას, როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში, ისე საფეხბურთო კლუბ „გურიას“ მესვეურებიც ადასტურებენ და ახლა ყველა იმის ძიებაშია, როგორ და რა სახსრებით შეძლებს კლუბი ფიფას მიერ დაკისრებული სოლიდური ჯარიმის გადახდას.