საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 ივნისის განკარგულების თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და როლანდ ბლადაძეს შორის გაფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც შემდგომში რეგისტრირებული იქნება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რასაც გადაცემულ ქონებაზე მესაკუთრეთა ცვლილება მოჰყვება.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 262.39 კვ.მ უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ნინო ჟვანიას (ყოფილი კეკელიძე) ქ. N72-ში, მე-3 სექცია, მე-12 სართული, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 ლარად საკუთრებაში მოქალაქე როლანდ ბლადაძეს გადაეცა.
როგორც ცნობილია, საკასაციო სასამართლომ 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, საქმე პრეცედენტული დავის სტატუსით, დასაშვებად სცნო. საქმიდან 2017 წლის 20 ივნისსა და 8 სექტემბერს თვითაცილება განაცხადეს მოსამართლეებმა: მაია ვაჩაძემ, ნუგზარ სხირტლაძემ და პაატა სილაგაძემ. მანამდე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმიდან აცილებულ იქნა განმხილველი პალატა მოსამართლეების: გიორგი გოგიაშვილის, ნინო ქადაგიძისა და მანანა ჩოხელის შემადგენლობით. დადგენილია, რომ როლანდ ბლადაძის საქმე, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, 2004-2018 წლებში, სულ 42 მოსამართლემ განიხილა.
2014 წლიდან ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, საქმეზე ადვოკატირების პროცესი „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ დაიწყეს. როლანდ ბლადაძის ინტერესების დაცვა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა შეძლო, რომელმაც საქმეს უწოდა – სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ.
როლანდ ბლადაძის საქმე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა: ნინო ბაქაქურმა (თავმჯდომარე მოსამართლე), ზურაბ ძლიერიშვილმა და ბესარიონ ალავიძემ განიხილეს. მათი მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობის შედეგად, საქმეზე შესაძლებელი გახდა მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევაც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინების საფუძველზე, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15 მარტის განჩინება (მოსამართლეები: მერაბ ლომიძე (თავმჯდომარე), თეა ძიმისატარაშვილი, ამირან ძაბუნიძე) და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება (მოსამართლე: დიანა ფარქოსაძე), რომლითაც როლანდ ბლადაძის მოთხოვნები არ იქნა დაკმაყოფილებული.
2018 წლის 11 ივნისის განჩინებით დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარის მიერ დარღვეული იქნება წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული რომელიმე ვალდებულება, მხარე, რომლის მიმართაც დაირღვა ეს ვალდებულება, უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს ვალდებულების აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოს მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, როლანდ ბლადაძე უფლებამოსილია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, მიმართოს სასამართლოს.
დადგენილია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული სახლი ქ. ბათუმში დღევანდელი საბაზრო ღირებულებით, შეფასდა 497,459 ლარად. ამასთან, სახელმწიფოს მიერ როლანდ ბლადაძის მიმართ გადასაცემი უძრავი ქონება ქ. თბილისში, ამავე დასკვნის თანახმად, დღევანდელი საბაზრო ღირებულებით შეფასებულია 399,866 ლარად.
სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინების საფუძველზე, როლანდ ბლადაძეს სრული უფლება რჩება, სახელმწიფოს მიმართ გააგრძელოს ახალი დავა, რომელიც ეხება უკანონო სისხლის სამართლებრივი პროცესიდან გამომდინარე დამდგარი ზიანის, ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებით ჩამორთმეული და გადასაცემი ქონებების ფასთა სხვაობას შორის.
2018 წლის 11 ივნისის განჩინების საფუძველზე, როლანდ ბლადაძემ უარი განაცხადა მხოლოდ წარმოებული დავის საგნის ირგვლივ ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმის განმხილველი პალატის შეფასებით, დღევანდელი სახელმწიფოს მიერ წარსული ჩადენილი გადაცდომების აღიარება, მოქალაქის ინტერესების დაცვა, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის დაზარალებული ოჯხის მიმართ გადაცემა, სახელმწიფოს ახალი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის მაგალითია.