ლანჩხუთში, ჯიხეთის დედათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის, რომელიც გასული წლის ნოემბერში დაიმეწყრა, 942 278 ლარი გაიხარჯება. აღნიშნული თანხის მობილიზება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მოხდება.
ნიგოითის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაზა წულაძე ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოში წინადადებით შევიდა და სპეციალური კომისიის შექმნის იდეა გააჟღერა, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ჯიხეთის გზაზე გასახორციელებელ სამუშაოებს.
მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას ინფორმაციით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის გასახორციელებლად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ზემონახსენები ფონდიდან დამატებით ორი მილიონ 558 849 ლარი გამოეყო.
როგორც ირკვევა, გარდა ჯიხეთის დედათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციისა, ასევე, იგეგმება ბავშვთა საფეხბურთო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოებიც. საამისოდ კი 848 274 ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული. აღნიშნული თანხიდან, ასევე, 768 297 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებაა დაგეგმილი აკეთის, აცანის, ჩიბათის, ნინოშვილის, ნიგვზიანის, მამათისა და სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც რკინა-ბეტონის სანიღვრე არხების, რკინა-ბეტონისა და ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა იგეგმება.